კორეელები მსოფლიოს შოკში ჩაგდებას მეორეჯერ ეცდებიან | პრევიუ » სპორტის ხაზი

კორეელები მსოფლიოს შოკში ჩაგდებას მეორეჯერ ეცდებიან | პრევიუ

კორეელები მსოფლიოს შოკში ჩაგდებას მეორეჯერ ეცდებიან | პრევიუ
5-12-2022, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ტურნირის მთავარი ფავორიტი, ბრაზილიის ნაკრები მიემართება 1/8 ფინალის სათამაშოდ, სადაც მას ერთობ ხისტი და დინამიკური გუნდის, სამხრეთ კორეის დამარცხება მოუწევს, რათა სელესაო თავის ისტორიაში მუნდიალის ტიტულს მეექვსედ კიდევ უფრო მიუახლოვდეს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ გამართული პრესკონფერენცია ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმისთვის გამოიყენა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდისთვისა და თანამემამულესთვის, 82 წლის პელესთვის სწრაფი გამოჯანმრთელება ესურვებინა - როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, პელე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. სწორედ პელეს მიმართ იყო გამოფენილი ის დიდი ბანერი ბრაზილიელი გულშემატკივრების მხრიდან, რომელიც მათ კამერუნთან მატჩის მსვლელობისას ააფრიალეს - "მალე გამოჯანმრთელდი". ამის პარალელურად, ტიტემ პრესონფერენცია დადებითი განწყობით დაასრულა, სადაც მან დაადასტურა, რომ დღეს, სამხრეთ კორეას სხვა ბრაზილიელებთან ერთად გუნდის მთავარი ლიდერი ნეიმარიც შეუტევს.

მიუხედავად იმისა, რომ ტიტეს გაბრიელ ჟესუსი მთელი მუნდიალის განმავლობაში დააკლდება, ბრაზილიის ნაკრებს შეტევაში მაინც საოცარი არჩევანი აქვს. სხვათაშორის, ნეიმარის ტრავმის მერე, იყო საუბრები, რომ გუნდი უპირობო ლიდერის დაკარგვას არ შეიმჩნევდა, თუმცა საგულისხმოა, რომ რაც პსჟ-ს ვარსკვლავი სერბეთთან დაშავდა, მას შემდეგ ბრაზილიამ ორ თამაშში ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა: "მისი დაბრუნებით მთელი გუნდი გაუმჯობესდება. ყველამ დაინახა, თუ როგორ გვაკლდა ნეიმარი ბოლო თამაშებში." - თქვა სერბეთთან გატანილი ორივე გოლის ავტორმა რიშარლისონმა.

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ის მეორე ყველაზე დაბალრეიტინგიანი ნაკრებია, რომელმაც მუნდიალის ფლეიოფში გასვლა მოახერხა. მიუხედავად ამისა, ტოტენჰემ ჰოთსფურის ფორვარდის, ჰინ მინ სონის ფაქტორმა ცხადყო, რომ ბრაზილიელები სამხრეთ კორეას სერიოზულ მეტოქედ მიიჩნევენ: "სამხრეთ კორეა აგრესიული და ძლიერი გუნდია, ამიტომ შეცდომების დაშვების უფლება არ გვექნება." - რიშარლისონი.

ცხადია, ამის პარალელურად, სამხრეთ კორეელებს კარგად ესმით, რომ ისინი აბსოლუტური აუტსაიდერები არიან. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ აზიელთა მთავარ მწვრთნელს, პაულო ბენტოს ბრაზილიასთან ერთი სამარცხვინო მატჩი უკვე გამოვლილი აქვს - გუნდებმა ამხანაგური შეხვედრა სეულში რამდენიმე თვის წინ გამართეს, სადაც აზიელებმა 5:1 წააგეს. სხვათაშორის, იმ მატჩში ნეიმარმა 2 გოლის გატანა მოახერხა, მისი დღევანდელი მატჩისთვის დაბრუნება კი ნამდვილად სიმბოლურია.

ფავორიტებისა და აუტსაიდერების თემას თუ გავაგრძელებთ, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი უსიამოვნებებით უკვე არაერთხელ გამოირჩა. დავიწყოთ იქედან, რომ ჯგუფურ ეტაპზე მარცხი არაერთმა ტურნირის ფავორიტმა განიცადა, მათ შორის ბრაზილიამაც, რასაც ისიც დაერთო, რომ გერმანია, ბელგია, ურუგვაი და დანია ჯგუფში ჩარჩნენ. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, მისი ტურნირიც დასრულებული ჩანდა, სანამ ჰი ჩან ჰვონმა საოცრება არ ჩაიდინა და თავის ნაკრებს პორტუგალიასთან გამარჯვება არ მოუტანა.

რა თქმა უნდა, კორეელების მთავარი ძალა ჰინ მინ სონია, რომელიც კორეული ნაკრების ნამდვილი სული და გულია: "პორტუგალიის დამარცხება და ფლეიოფში გასვლა დიდებული გრძნობაა, მაგრამ ამით ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩვენ აქამდე ყოველთვის ვსაუბრობდით 1/8 ფინალში გასვლაზე, მაგრამ ახლა ამაზე მეტზეც უნდა ვიფიქროთ." - თქვა ტოტენჰემის ფორვარდმა.

სამხრეთ კორეა ერთადერთი აზიური ქვეყანაა, რომელმაც მუნდიალის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. ეს იყო 2002 წელს, როდესაც კორეა იაპონიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობდა. ახლა კი, სამხრეთ კორეა შეეცდება, რომ მსოფლიო შოკში მეორეჯერაც ჩააგდოს და მუნდიალის მთავარი ფავორიტი ტურნირიდან გამოთიშოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი