18 წლამდელები | იტალიას დებიუტში ვერ ავყევით » სპორტის ხაზი

18 წლამდელები | იტალიას დებიუტში ვერ ავყევით

18 წლამდელები | იტალიას დებიუტში ვერ ავყევით
11-04-2025, 10:05
Aa Aa
გაზიარება:

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის პირველ მატჩში, იტალიას საწყის წუთებში ვერ ავყევით, მეტოქემ 15-ქულიანი ჰანდიკაპი მიიღო და საბოლოოდ 37:26 გაიმარჯვა.

ზურაბ ამონაშვილის შეგირდებს თამაშში შესვლა გაუჭირდათ. მეტოქემ პირველივე წუთებიდან მაღალ ტემპში შემოგვიტია, შეტევით მოლში უპირატესობა მოიპოვა და ეს კარგად გამოიყენა. გარდა ამისა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში არ გვივარგოდა დისციპლინა, რის გამოც 35 წუთში 8-ჯერ დავჯარიმდით. მიუხედავად ამისა, თამაშის მოგების შანსი გვქონდა, მაგრამ შეცდომები უკეთ ჩატარებულ მეორე ტაიმშიც დავუშვით და ამით კარგად მოთამაშე იტალიელებმა ისარგებლეს.

მეტოქემ კარგად აგორებული მოლის შემდეგ ლელოთი ანგარიში საწყის წუთებშივე გახსნა და გარდასახვაც გამოიყენა. მერე მათ დასარტყმელ პოზიციაში ორჯერ მოიპოვეს ჯარიმა და ერთი ზუსტი იყო, 50/22-ის შემდეგ კი მოლს ფორვარდების დარტყმა და კიდევ ერთი ლელო მოყვა (0:15). 15-20-წუთის შემდეგ თამაში გათანაბრდა და უკვე ჩვენ მივიღეთ კარგი შესატევი პლადარმი, მაგრამ ბურთი დავკარგეთ.

თამაში უმცროსი ბორჯღალოსნების შეტევებით გაგრძელდა და იტალიელები 26-ე წუთზე სინბინით დაისაჯნენ. ჯარიმის კარში დარტყმა არც ამ ჯერზე გვიფიქრია, დერეფნიდან კვლავ მოლი დავაყენეთ, რომელიც წესების დარღვევით ჩაიქცა და საჯარიმო ლელოსთან ერთად, 2-კაციანი უპირატესობა მივიღეთ. მაგრამ მალევე დავჯარიმდით და იტალიამ მორიგი 3 ქულა აიღო, მერე სინბინით დავით არობელიძე დაისაჯა და ტაიმი 7:18 დავთმეთ.

შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი მოედანზე უფრო მობილიზებული გამოვიდა, მეტოქეს შეცდომები დავაშვებინეთ, დერეფნიდან აგორებული მოლის შემდეგ საქმეში ფორვარდები ჩაერთვნენ და რამდენიმე მიძალების შემდეგ ნიკოლოზ ჩხორთოლიას ლელო ლევან ბუცხრიკიძემ გარდასახა. იტალიამ მოლით გატანილი ლელოთი სწრაფად გვიპასუხა, თუმცა 50-ე წუთზე ქართველთა მოლი ლუკა წიკლაურის ლელოთი დასრულდა და 4-ქულიანი სხვაობა აღვადგინეთ.

სათამაშო ინიციატივას საქართველო ფლობდა და შეტევის ორგანიზებას ცდილობდა, როდესაც გადაცემა მეტოქის ნახევარზე, ცენტრის სიახლოვეს ჩაიჭრა და კონტრშეტევაზე დასანანი ლელო მივიღეთ. 62-ე წუთზე იტალიამ მოლი აღარ დააყენა, ბურთი ხაზზე სწრაფად გაიტანა და რამდენიმე დარტყმის შემდეგ მორიგი გარდასახული ლელო მიითვალა. მატჩის მიწურულს საქართველომაც ხაზით შეუტია, ბურთი ბოლომდე ჩათამაშდა და ლუკა ტაბატაძემ ლელოთი, ხოლო ლუკა ჭაკუამ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 26:37.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე ჩვენი გუნდი მომდევნო თამაშს 14 აპრილს უელსთან გამართავს, 18-ში კი ირლანდიას ეთამაშება.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი