“ა” ლიგის ფინალური სერია გაიხსნა. სუპერლიგაში გადასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლა დღეს, რუსთავში დაიწყო. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ რუსთავს მოედნის უპირატესობა აქვს და პირველ მატჩსაც საკუთარ, გადავსებულ დარბაზში უმასპინძლა. რუსთავის ახალ სპორტის სასახლეში მისულმა მაყურებელმა დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა იხილა და საბოლოოდ გაიხარა კიდეც. რუსთავმა 91:80 (სტატისტიკა) დაამარცხა კასპის გრიფინი და სერიაში, რომელიც 3 მოგებამდე გრძელდება, 1:0 დაწინაურდა.
ქვემოქართლელებისთვის გამარჯვება იოლად არ მოსულა. კასპელებს ნახევარფინალში ტრავმირებული ერთ-ერთი ლიდერი, ელაია ბიუქენენი აკლდათ, მაგრამ ისე იბრძოლეს, ცოტაც რომ გამართლებოდათ, იმარჯვებდნენ კიდეც. მატჩის უმეტეს დროს სტუმრები ლიდერობდნენ. პირველი პერიოდის შემდეგ გრიფინი 2 ქულით იგებდა, თუმცა მეორეში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს, განსაკუთრებით პერიოდის მიწურულს, როცა რამდენიმე ჩაჭრა განახორციელეს, კონტრშეტევა შედეგიანად დააგვირგვინეს და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 45:36.
მესამე პერიოდში რუსთაველებმა ფრთები გაშალეს. ლუკა გიორგაძის 2 სამქულიანი კარგი ბიძგი გამოდგა მასპინძლებისთვის, რომლებსაც მიზანი გაეხსნათ – განსაკუთრებით შედეგიანად გუგა პატაშური და დომენიკ კეისი ირჯებოდნენ. მასპინძლებმა ლიდერობა მოიპოვეს და ბოლო პერიოდის წინ 3 ქულით დაწინაურდნენ.
გრიფინი არ ნებდებოდა, თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, მაგრამ კასპელთა ლიდერ მონტეს მატისს 4 პერსონალურით უწევდა თამაში, მერაბ მირზიაშვილსაც 4 ჯარიმა დაუგროვდა და მოედნიდან გავარდნის შიშით ვერ რისკავდნენ, რითაც რუსთაველები წარმატებით სარგებლობდნენ. ბოლო წუთებზე მასპინძლებმა როგორც სამქულიანებით, ისე პერიომეტრიდან იხეირეს და მეტოქესთვის მიუწვდომლები გახდნენ.
გამარჯვებულებს დომენიკ კეისმა ულიდერა 14 ქულითა და 12 მოხსნით. გუგა პატაშურმა 17 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. 14 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა კევონ ვოილსმა მიითვალა. მალიკ ტიდველის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. გროფინში 28 ულით და 8 მოხსნით ზებ გრეჰემი გამოირჩა. 21 ქულა მონტეს მატისმა მოაგროვა.
ფინალური სერიის მეორე მატჩი ისევ რუსთავში, 7 აპრილს, 18:30 საათზე გაიმართება.