რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია » სპორტის ხაზი

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
გუშინ, 17:07
Aa Aa
გაზიარება:

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

რაგბი ევროპის მე-17, ზედიზედ მე-8ტიტულს საქართველო 16 მარტს, 16 საათზე შეუტევს. თბილისის „მიხეილ მესხზე“ ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთი იქნება, რომელსაც წელს ჯგუფურ ეტაპზე უკვე ვეთამაშეთ და ერთი თვის წინ მადრიდში 62:32 დავამარცხეთ.

მას შემდეგ ესპანეთმა ნახევარფინალში პორტუგალიას ლისაბონში, 42:31 სძლია, საქართველომ კი „ავჭალაზე“ რუმინეთი 43:5 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატში ფინალური თამაშები 2023 წლიდან დაინერგა და საქართველო გადამწყვეტ თამაშს პირველად უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით „მიხეილ მესხზე“ მისულ გულშემატკივარს არაერთი სიურპრიზი ელის, როგორც მატჩის დაწყებამდე, ასევე მისი დასრულების შემდეგ.

რუმინეთთან ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნების 23-კაციან განაცხადში მცირედი ცვლილებებია. ლუკა მატკავას არყოფნის ფონზე, მგეზავის პოზიციაზე თამაშს დავით ნინიაშვილი იწყებს, რომელიც ვასილ ლობჟანიძეს შეუწყვილდება. აღსანიშნავია, რომ ესპანეთთან მადრიდულ მატჩში ღერძე თამაში სწორედ ამ წყვილმა დაიწყო.

ფულბეკის პოზიციაზე თამაშს დაჩი პაპუნაშვილი იწყებს, რომელიც რუმინეთთან მარქაფაში იყო. ცენტრში კვლავ თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე შეწყვილდებიან, ფრთებზე კი სანდრო თოდუას და აკაკი ტაბუცაძეს ვიხილავთ. თოდუა ფინალში 120-ე კეპს მოიხვეჭს და კიდევ უფრო მიუახლოვდება დავით კაჭარავას, რომელსაც დღემდე ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტჯერ, 122-ჯერ უთამაშია.

ხაზის მარქაფაში არიან გელა აფრასიძე, ლუკა ცირეკიძე და გიორგი კვესელაძე.

RUGBY.GE
ორი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში, სადაც დამწყებთა შორის დაბრუნდნენ კვაჭი ვანო კარკაძე და ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, ხოლო ირაკლი ქვათაძემ და ირაკლი აფციაურმა მარქაფაში გადაინაცვლეს. დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა ნიკა აბულაძემ, რომლის შემცვლელი კვლავ გიორგი ახალაძე იქნება.

მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილისა და ლადო ჩაჩანიძის წყვილი ბრუნდება, რომელმაც განვლილი 4 თამაშიდან სამი დაიწყო. ამჯერად მარქაფაში იქნება გურამ ღანიაშვილი.

უცვლელია მესამე ხაზი - ლუკა ივანიშვილი, გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე. გორგაძე ფინალში 50-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. მესამე ხაზის მარქაფაშია თორნიკე ჯალაღონია.

საქართველოს ესპანეთის წინააღმდეგ ისტორიაში 26-ჯერ უთამაშია და მათგან 22-ში გამარჯვება მოიპოვა, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3 შეხვედრა დათმო, ბოლო 2012 წელს. ესპანეთთან საქართველოში გამართული ყველა თამაში ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 2013 წლიდან დღემდე კი, ჩვენმა გუნდმა „ლომები“ ზედიზედ 14-ჯერ დაამარცხა.

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი