რაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ » სპორტის ხაზი

რაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ

რაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ
15-02-2025, 17:57
Aa Aa
გაზიარება:

16 თებერვალს მადრიდში, „ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე“ ესპანელ „ლომებთან“ გასამართ მატჩში ბორჯღალოსნებს დავით ნინიაშვილი უკაპიტნებს.

22 წლის ნინიაშვილი ბორჯღალოსნების თითქმის 36-წლიან ისტორიაში 36-ე კაპიტანია. ასაკის მიუხედავად, მისი სანაკრები დებიუტი ჯერ კიდევ 2020 წელს ირლანდიასთან (10:23) შედგა და მის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. დღემდე ნინიაშვილის ანგარიშზე 37 კეპი და 88 ქულაა (11 ლელო, 12 გარდასახვა, 3 ჯარიმა).

ნინიაშვილს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია ელის. უნივერსალური მოთამაშე შეხვედრას მგეზავის პოზიციაზე იწყებს.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ, რიჩარდ ქოქრილს საკადრო პრობლემები შეექმნა. ნიდერლანდებთან 40:7 გამარჯვების შემდეგ მცირე ტრავმები აქვთ და ესპანეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ: მგეზავი ლუკა მატკავა, მესამეხაზელები ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია, ასევე ფრთა ამირან შვანგირაძე. ნიდერლანდებთან წითელი ბარათი მიიღო ბექა გორგაძემ, ხოლო მგეზავი თედო აბჟანდაძე ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე დაშავდა.

სწორედ ამითაა განპირობებული მგეზავად ნინიაშვილის მოვლინება, ფულბეკის პოზიციაზე კი ახალგაზრდა დაჩი პაპუნაშვილი ბრუნდება, რომელსაც სანაკრებო დებიუტი შვეიცარიასთან ჰქონდა. ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა და ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად შალვა აფციაურს ვიხილავთ. სხვა მხრივ ნიდერლანდებთან მატჩის მსგავსად მეორე ფრთა ლელოების-მანქანა აკაკი ტაბუცაძე იქნება, ცენტრში თორნიკე კახოიძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან, 9 ნომრად კი ვასილ ლობჟანიძეს ვიხილავთ.

ხუთი ცვლილებაა შერკინებაში. ესპანელებს „მონპელიეს პირველი ხაზი მიაწვება“. კვაჭმა ვანო კარკაძემ სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა და ამჯერად მას ბურჯებად თანაკლუბელები - ნიკა აბულაძე და ლუკა ჯაფარიძე ეყოლება. გიორგი მამაიაშვილმა და ირაკლი აფციაურმა მარქაფაში გადაინაცვლეს, კვაჭის პოზიციაზე კი შეცვლაზე კვლავ ირაკლი ქვათაძეს ვიხილავთ.

უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი. მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე წელს ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ, ხოლო მარქაფაში გიორგი ჯავახია ყავთ.

ტრავმების გამო სრულად შეიცვალა მესამე ხაზი. ამჯერად თამაშს ილია სპანდერაშვილი, გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი იწყებენ, მარქაფაში კი ბექა შვანგირაძეა.

ლობჟანიძის შემცვლელი გელა აფრასიძე იქნება, ხაზს კი დემურ თაფლაძე და ლუკა ცირეკიძე გააძლიერებენ. ცირეკიძესთვის ეს მეორე თამაში იქნება. მას დებიუტი შარშან გერმანიასთან ჰქონდა.

ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული ა ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და, 1 ან 2 მარტს, თასის ნახევარფინალში, ბ ჯგუფის მეორეადგილოსანთან, მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი, ბ ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება.

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი