საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.
მთავარმა მწვრთნელმა, სალომე ხუბულურმა შეკრებაზე 20 ფეხბურთელი გამოიძახა და ფეხბურთის ფედერაციის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ავარჯიშებდა, ხოლო 10 თებერვალს გუნდი ათენში გაემგზავრა, სადაც საბერძნეთის ასაკობრივ ნაკრებთან 11 და 13 თებერვალს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – მატჩები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, რომელიც ისტორიაში პირველად გადავიდა საკვალიფიკაციო ეტაპის A დივიზიონში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში იტალიის, ჩეხეთისა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი B ლიგაში დაქვეითდება. ჩვენი ჯგუფის მატჩებს 8-დან 14 მარტის ჩათვლით ხორვატია უმასპინძლებს.