საბერძნეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში დუდა სანაძემ კვლავ შედეგიანად ითამაშა, თუმცა მის გუნდს მოგებამდე მცირედი დააკლდა. ელიტ ლიგის მე-18 ტურში ქართველი უკანახაზელის გუნდმა “ესპეროსმა” “კოროივოსს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრზლაში – 76:78 დამარცხდა. დუდასთვის ეს მესამე მატჩი იყო ბერძნულ გუნდში, თუმცა წინა შეხვედრების მსგავსად, გამარჯვება ვერც ამჯერად დააგემოვნა.
სანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების წევრს თანაბარი რაოდენობის სროლები ჰონდა სამივე პოზიციიდან: 7-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოო ჯამში დუდას 17 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი დაუგროვდა. თანაგუნდელ თეოდოროს ცილულისთან ერთად ის ესპეროსის ბომბარდირი გახდა.
აღსანიშნავია, რომ სანაძემ 17 ქულა ჩააგდო ესპეროსში მისთვის სადებიუტო მატჩშიც, ხოლო წინა ტურში, 11 იანვარს, “ტრიკალასთან” წაგებულ მატჩში 15 ქულა მიითვალა. 16-გუნდიან ელიტ ლიგაში “ესპეროსი” 5 მოგებითა და 13 მარცხით მე-14 ადგილზეა.
GBF.GE