ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ქართველი – ავთანდილ კენჭაძე (79კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ) ფინალში იჭიდავებენ.
კენჭაძემ ნახევარფინალში რეიტინგის პირველი ნომერი ირანელი მოჰამად ნოკჰოდილარიმი 14:5 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევს დაუპირისპირდება. მაისურაძემ ფინალში გასასვლელად იტალიელ მოჭიდავეს, ბენჟამინ ჰონისს 9:2 სძლია და ჩემპიონობისთვის ლეგენდარულ ფალავანს, აბდულრაშიდ სადულაევს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში 29 ოქტომბერს დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს გელა ბოლქვაძე და ოთარ აბულაძე დაეუფლნენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი 31 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.