"თუ მაშინ დავმარცხდებოდი, ძიუდოს თავს დავანებებდი" - რას იხსენებს ლაშა შავდათუაშვილი » სპორტის ხაზი

"თუ მაშინ დავმარცხდებოდი, ძიუდოს თავს დავანებებდი" - რას იხსენებს ლაშა შავდათუაშვილი

"თუ მაშინ დავმარცხდებოდი, ძიუდოს თავს დავანებებდი" - რას იხსენებს ლაშა შავდათუაშვილი
27-08-2024, 21:20
Aa Aa
გაზიარება:

ლაშა შავდათუაშვილმა მშობლიური კარალეთის ეკლესიაში წლები სტიქაროსნად იმსახურა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ლაშა ბავშვობას და პირველ მონაწილეობას ოლიმპიადაზე შემდეგნაირად იხსენებდა:

"დაახლოებით 11-12 წლისა ვიყავი, როცა გორში ძიუდოზე შევედი ანზორ თენაძესა და ნიკო ბიბილაშვილთან.

თანასოფლელები ჭიდაობდნენ და მეც დამაინტერესა. სხვების მიღწევებს რომ ვუყურებდი, მეც მინდოდა, ისეთივე წარმატებული გავმხდარიყავი, ოლიმპიური ჩემპიონობა კი ჩემი ოცნება იყო. თუ რამეზე ვოცნებობდი, მხოლოდ ამაზე! კერპი არ მყოლია, ვქომაგობდი და მომწონდა ყველა წარმატებული სპორტსმენი.

ბავშვობაში ძიუდოს გარდა სხვა გატაცება არც მქონია. მარტივი ჭეშმარიტებაა - როცა რაღაც საქმეს აირჩევ, დანარჩენი გვერდზე უნდა გადადო და იმას მიუძღვნა ყველაფერი. მეც ასე ვფიქრობდი - რაც შემეძლება, ვივარჯიშებ, ვიმუშავებ და თუ არაფერი გამომივა, ჩემს თავს ვერაფერს დავაბრალებ-მეთქი.

ამისთვის მოვიკელი ყველაფერი და სპორტს მივუძღვენი თავი. მადლობა ღმერთს, უფალმა ნებისყოფა მომცა და შევძელი, ყველაფერი გვერდზე გადამედო.

მწვრთნელებთან ერთად, მიზნის მიღწევაში ოჯახიც ყველანაირად მიწყობდა ხელს იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკურად არ გვილხინდა. ამას ისიც დაემატა, რომ სახლში ზედმეტი ინდივიდუალური ვარჯიშისგან გადავიღალე და ახალგაზრდებში პირველი სეზონი ჩამივარდა. სწორედ მაშინ იყო, მამაჩემმა ტურნირზე წასასვლელად დიდი წვალებით ფული რომ მისესხა, საჭირო თანხა ძლივს შეაკოწიწა.

ასეთ დროს განსაკუთრებით ძნელია ჭიდაობა - ცალკე შეჯიბრებაზე ფიქრობ, ცალკე - ვალზე. როცა ევროპა და მსოფლიო წავაგე, მეც შემრჩა ის ვალი და უკვე მეორე სეზონზე დავიწყე ფიქრი, ეგებ მაშინ მაინც მოვიგო და გავისტუმრო-მეთქი.

წაგებებთან ერთად ფსიქოლოგიურად ამანაც ცუდად იმოქმედა. მეორე სეზონიც მარცხით დავიწყე - წავაგე ერთ-ერთი შიდა ტურნირი და მაშინ ვფიქრობდი, სხვებშიც თუ დავმარცხდებოდი, თავსაც დავანებებდი ძიუდოს. საბედნიეროდ, მწვრთნელების, ოჯახის დახმარებით, სწორი მკურნალობით კრიზისი დავძლიე და ისევ მოვხვდი ახალგაზრდულ ნაკრებში
", - ამბობს ლაშა შავდათუაშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი