ლეგიონერებითაა სავსე - ლუდოგორეცი არც ისე იოლად დასამარცხებელი იქნება » სპორტის ხაზი

ლეგიონერებითაა სავსე - ლუდოგორეცი არც ისე იოლად დასამარცხებელი იქნება

ლეგიონერებითაა სავსე - ლუდოგორეცი არც ისე იოლად დასამარცხებელი იქნება
7-07-2024, 23:50
Aa Aa
გაზიარება:

2024/2025 წლების ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი 9 ივლისს დაიწყება, საქართველოს ჩემპიონი დინამო ბათუმი კი თავის შეხვედრას 10 ივლისს გამართავს.

აჭარული კლუბის პირველი მეტოქე 1/8-ფინალურ სტადიაზე ბულგარეთის ჩემპიონი ლუდოგორეცი გახლავთ, რომელსაც სრულ შემადგენლობაში 18 ლეგიონერი ჰყავს გაფორმებული.

ლუდოგორეცმა 2023/2024 წლების შიდა ჩემპიონატი 82 ქულით მოიგო და მეორე ადგილზე გასულ ჩერნო მორეს 7 ქულით გაუსწრო, ბულგარეთის თასის ფინალში კი ბოტევ პლოვდივთან 3:2 დამარცხდა.

რაც შეეხება ევროთასებს, აქ ლუდოგორეცმა მონაწილეობა კონფერენს ლიგაზე მიიღო და სხვათა შორის, ჯგუფური ეტაპი დაძლია კიდეც. ბულგარელებს ჯგუფში ფენერბაჰჩე, ნორდსელანდი და ტრნავა ჰყავდათ. ლუდოგორეცმა ამ ჯგუფში 12 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც შვეიცარიული ბარიერი ვერ გადალახა და ტურნირს დაემშვიდობა. კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ლუდოგორეცი სერვეტს შეხვდა, რომელმაც ბულგარული კლუბი ორი მატჩის ჯამში 1:0 დაამარცხა.

მიუხედავად კონფერენს ლიგაზე თამაშისა, ლუდოგორეცმა 2023/2024 წლების სეზონში ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან დაიწყო და პირველი ეტაპი უპრობლემოდ გაირა, მეორე ჯერზე კი მარცხი განიცადა. შესარჩევის 1/8-ფინალში ლუდოგორეცმა კოსოვოს ბალკანის ორი მატჩის ჯამში 6:0 მოუგო, სლოვენიურ ლიუბლიანასთან კი 2:3 დამარცხდა.

ლუდოგორეცს, როგორც ზემოთ დავწერეთ, არაერთი ლეგიონერი ჰყავს და მათი სიძლიერეც სწორედ ამაში მდგომარეობს. გასული სეზონის ბულგარეთის შიდა ჩემპიონატში ლუდოგორეციდან ყველაზე მეტი გოლი პოლონელმა იაკუბ პიოტროვსკიმ გაიტანა (11), რომლითაც მან ბომბარდირთა დავის მესამე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ის პოლონეთის ნაკრებმა ევრო 2024-ზე წაიყვანა, თუმცა პიოტროვსკის ერთი წუთიც არ უთამაშია. პოლონელი თავდამსხმელის გარდა, ბათუმელთა მეტოქის გამორჩეული ფეხბურთელია ბრაზილიელი რვან სეკო, რომელმაც ასევე 11 ბურთის გატანა შეძლო, განელმა ბერნარდ ტაკპეტეიმ და შვეიცარიელმა კვადვო დუამ კი 10-10 გოლი გაიტანეს (ამ უკანასკნელმა ევროზე შვეიცარიასთან ერთად ჯამში 40 წუთი ითამაშა).

აღნიშნული დაპირისპირების უპირობო ფავორიტებად ჩვენი მეტოქეები ითვლებიან, რაც სავსებით ლოგიკურია, - საქართველოს საკლუბო ფეხბურთს ევროტურნირი დიდი ხანია არ უნახავს!

დინამო ბათუმი თავის პირველ შეხვედრას ბულგარეთში ჩაატარებს, განმეორებითი მატჩი კი ბათუმის სტადიონზე 17 ივლისს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი