ევრო 2024-ზე საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებთან II ტურის დაპირისპირებას დანიელ ზიბერტი განსჯის. ბერლინში დაბადებული 40 წლის სპორტის მასწავლებელი ფიფა-ს ეგიდით ჩატარებულ მატჩებს 2014 წლიდან ემსახურება.
მან სახელი "გაითქვა" ბოლო მუნდიალზე, სადაც განისა და ურუგვაის მატჩში სამხრეთამერიკელების სასარგებლოდ 2 პენალტი არ დანიშნა. ფიფა-მ განიხილა ეს საქმე და გერმანელი რეფერი მსოფლიო ჩემპიონატს ჩამოაშორა.
ზიბერტი ის კაციცაა, ვინც ჩვენთვის ავადსახსენებელი მატჩი იმსაჯა თბილისში - 2023 წლის სექტემბერში 1:7 რომ წავაგეთ ესპანეთთან. იმედია, ამჯერად "კარგი ფეხი" ექნება. რაც შეეხება მის ასისტენტებს, ესენი იქნებიან იან ზაიდელი და რაფაელ ფოლტინი, მეოთხე მსაჯად ბოსნიელი ირფან პოლიტოა გამწესებული, ხოლო ვიდეორეფერიზე - ასევე გერმანელი მარკო ფრიტცი.