მაროკო საქართველოს წინააღმდეგ - რა ვიცით მატჩამდე 10 დღით ადრე? » სპორტის ხაზი

მაროკო საქართველოს წინააღმდეგ - რა ვიცით მატჩამდე 10 დღით ადრე?

მაროკო საქართველოს წინააღმდეგ - რა ვიცით მატჩამდე 10 დღით ადრე?
7-11-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და მაროკოს ფეხბურთის ფედერაციებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ამ ორი გუნდის ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს ნეიტრალურ მოედანზე ჩანიშნეს.

როგორც იცით, მაროკო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც 20 ნოემბრიდან დაიწყება. შესაბამისად, აფრიკელების მოტივაცია გენერალური რეპეტიციის გავლა და დიდი ფორუმისთვის მომზადებაა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთვის აღნიშნული თამაში სხვადასხვა ტაქტიკისა თუ სტრატეგიის გამოსაცდელად კარგი შესაძლებლობა იქნება.

მაროკოს ნაკრები FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის 22-ე ადგილს იკავებს, რაც აფრიკულ ქვეყნებს შორის მე-2 საუკეთესო შედეგია. მაროკოელებს მხოლოდ სენეგალი უსწრებთ, რომელიც მსოფლიოს მე-18 პოზიციაზეა. მაროკოელთა მსგავსი სარეიტინგო მაჩვენებელი გასაკვირი სულაც არაა, რადგან ამ ნაკრებში საკმაოდ კარგი და გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ: ჰაკიმ ზიეჩი, აშრაფ ჰაკიმი, იუსუფ ენ ნესირი, ბონო და კიდევ სხვა არაერთი წარმატებული ფეხბურთელი სწორედ მაროკოს ნაკრებში გამოდის.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის აფრიკულ ნაკრებებთან დაპირისპირებას, ამ მხრივ, საქართველოს ნორმალური ბალანსი აქვს. საქმე ისაა, რომ ჩვენი გუნდი აფრიკულ ქვეყნებს 6-ჯერ დაუპირისპირდა, აქედან გამარჯვება 2-ჯერ მოვიპოვეთ, 3-ჯერ ფრეს მივაღწიეთ და მხოლოდ ერთხელ, შორეულ 1994 წელს ნიგერიასთან დავმარცხდით.

შემადგენლობის მხრივ, ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ მოთამაშეებს უხმობს ვილი სანიოლი და მისცემს თუ არა ფრანგი სპეციალისტი გარკვეულ ფეხბურთელებს დასვენების შესაძლებლობას. როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, რაც ჩვენი გუნდის აბსოლუტური რეკორდია. ამიტომ, მაროკოსთან შეხვედრის დროს, სასწორზე რეკორდის გახანგრძლივება და გაუმჯობესების შანსიც იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი