გამოცემა "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა წარსულში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელთან, ლევან ყენიასთან, რომელმაც საქართველოსა და ევრო 2024-ის შესახებ ისაუბრა.
გთავაზობთ ერთ-ერთ ამონარიდს, სადაც ყენია ჩვენს ჯგუფს აფასებს და ამბობს, რომ ჩეხეთთან თამაში არც თუ ისე იოლი იქნება:
ჩემი თანაგუნდელები იყვნენ სლავიაში ანტონინ ბარაკი და ტომაშ სუჩეკი. დღეს ეს ორივე ფეხბურთელი ჩეხეთის ნაკრების ლიდერთა შორისაა. ერთი ფიორენტინაში თამაშობს, მეორე - ვესტ ჰემში. პირდაპირ ვიტყვი - ჩემს წარმოდგენაში ჩეხეთი თურქეთის ნაკრებზე ძლიერი გუნდია.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩეხების სათამაშო სტილი, რომელსაც კარგად ვიცნობ. ეს ნაკრები არის ფიზიკურ ძალაზე დაფუძნებული ფეხბურთის მიმდევარი. აგრესიულ, ხისტ ფეხბურთს თამაშობენ. როგორც წესი, ჩვენთვის არ არის კომფორტული ასეთ ნაკრებებთან თამაში, მაგრამ მჯერა, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი მოძებნის კონტრთამაშს.
ჩეხების უპირატესობაა ის, რომ ყველა თამაშზე 100-პროცენტიანი კონცენტრაციით გადიან და ეს გრძელდება მთელი შეხვედრის განმავლობაში. სახიფათოა მათი ფლანგური შეტევები. ჯანით არ უნდა დაგვჯაბნონ - მთავარი ესაა. შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრებს საქართველოს ნაკრებთან მატჩში ჰქონდეს ეს პრობლემა, მაგრამ ჩეხებს ასეთი რამ არასოდეს შეაწუხებთ.
- თქვა ლევან ყენიამ.