როგორც უკვე ვიცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის დაწყებამდე მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში მხოლოდ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, მეტოქე კი მონტენეგრო იქნება, რომელმაც გუშინ ბელგიასთან 2:0 წააგო.
აღნიშნული შეხვედრა 3 დღეში, 9 ივნისსაა ჩანიშნული და ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ შემადგენლობას აარჩევს სანიოლი. ფრანგ სპეციალისტს ახლა ორი ვარიანტი აქვს. მას შეუძლია, რომ ძირითადი თერთმეტეული დააყენოს და სამომავლო ტაქტიკები პირველ შემადგენლობაზე გამოსცადოს, ან მეტი დრო სათადარიგო ფეხბურთელებს მისცეს და იცოდეს თუ რა იქნება ნაკრების გეგმა B იმ შემთხვევაში, თუ პირველ გუნდს ტურნირზე თამაში კარგად არ წაუვა.
თუ ბოლო დღეებში გამართულ ამხანაგურ შეხვედრებს გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ევრო 2024-ზე მონაწილე ნაკრებების უმეტესობა ძირითადში იმ ფეხბურთელებს აყენებს, რომლებიც სათადარიგო სკამისთვის არიან განკუთვნილნი. თუნდაც გუშინდელ ბელგიის შეხვედრაში ტედესკომ ბევრ სასტარტო ფეხბურთელს თამაში სათადარიგო სკამიდან დააწყებინა, შემდეგ კი ისინი შეხვედრაში მეორე ტაიმისკენ ჩართო.
მიუხედავად ამისა, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს სხვებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი თამაში აქვს მარაგში, რის გამოც მეტად სავარაუდოა, რომ სანიოლმა მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე და სხვები პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დააყენოს და 18 ივნისის შეხვედრას დაცდილი ტაქტიკითა და სქემებით შეხვდეს.