საბა ლობჟანიძემ ამერიკის ჩემპიონატში (MLS) გოლი გაიტანა და ატლანტა იუნაიტედს ორლანდო სიტის დამარცხებაში დაეხმარა – 2:0.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი (რომელიც ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის პლეიოფის მატჩებისთვის არ გამოიძახა) ატლანტა იუნაიტედის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, 85 წუთი ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ატლანტამ ანგარიში მე-9 წუთზე ლობჟანიძის ზუსტი დარტყმით გახსნა – ქართველმა ნახევარმცველმა ორლანდო სიტის კარი გეორგიოს გაკუმაკისის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ აიღო და გუნდს ტაიმი მოაგებინა – 1:0.
შესვენების შემდეგ ატლანტამ უპირატესობა ორამდე გაზარდა, გუნდის შეტევა თავად ბერძენმა გაკუმაკისმა დააგვირგვინა – 2:0.
ატლანტა იუნაიტედმა 3 ტურის შემდეგ ექვსი ქულა დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.