ზურაბ დათუნაშვილი საჭიდაო კარიერას ასრულებს - სპორტსმენი ინფორმაციას ადასტურებს » სპორტის ხაზი

ზურაბ დათუნაშვილი საჭიდაო კარიერას ასრულებს - სპორტსმენი ინფორმაციას ადასტურებს

ზურაბ დათუნაშვილი საჭიდაო კარიერას ასრულებს - სპორტსმენი ინფორმაციას ადასტურებს
7-12-2023, 21:49
Aa Aa
გაზიარება:

2020 წლიდან სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი კარიერას ასრულებს. ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

"მოგესალმებით, მეგობრებო. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჭიდაობისთვის მაქვს მიძღვნილი. ჩემს კარიერაში იყო არაერთი დიდი გამარჯვება და ბევრი იმედგაცრუებაც. ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში შევძელი ჩემს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და მცირე ასაკში ავისრულე ყველა სპორტსმენის მთავარი ოცნება.

ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც ჩემი მთავარი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა იყო და მისთვის მზადების პროცესში ვიყავი, თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ცნობილია, რომ გასულ ზაფხულს შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დამჭირდა სასწრაფო ოპერაციაც.

სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ ვასწრებ ფორმის აღდგენას და 32 წლის ასაკში მიწევს აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩემი ცხოვრება მთლიანად ჭიდაობასთან არის დაკავშირებული და ასე იქნება მომავალშიც. მივდივარ აქტიური სპორტიდან, თუმცა ვრჩები ჭიდაობაში და ვაპირებ, ჩემი 26 წლიანი გამოცდილება მოვახმარო ჭიდაობის განვითარებაზე ზრუნვას როგორც საქართველოსა და სერბეთში, ისე მთლიანად მსოფლიოში.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ ხნის განმვალობაში მგულშემატკივრობდით და ჩემთან ერთად იზიარებდით მარცხისას განცდილ სინანულსა და გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს"
 - წერს 32 წლის მოჭიდავე.

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ერთხელ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა. ასევე იგი დაასახელეს 2022 წელს სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად.

დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება, 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.