"კვარაცხელია თუ ლავეცი?" - ახალი მწვრთნელის პირველი პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია თუ ლავეცი?" - ახალი მწვრთნელის პირველი პრესკონფერენცია

"კვარაცხელია თუ ლავეცი?" - ახალი მწვრთნელის პირველი პრესკონფერენცია
24-11-2023, 22:42
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-13 ტურში "ნაპოლი" ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდება. მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა ნეაპოლელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ:

"დიახ, ეს ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელშიც მიმუშავია. ყურადღებით უნდა ვიყო საუბრისას, რადგან ცნობილი ვარ წუწუნით და ამიტომ, ახლა სხვა მაძარის იხილავთ, რომელიც არ იწუწუნებს . რაც სპალეტიმ გააკეთა შედევრი იყო, აღფრთოვანებული ვიყავი, მისი გუნდი ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა ევროპის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ "სკუდეტო" ვერ მოვიგე, მახსოვს რა მოხდა ქალაქში იუვენტუსთან ფინალის შემდეგ, როდესაც იტალიის თასი მოვიგეთ. თუმცა, ალბათ, როდესაც გუნდი არ არის მიჩვეული ჩემპიონობას, ბუნებრივია მოხდეს ის, რაც ამ სეზონში ხდება. ამიტომ, ნებისმიერ მწვრთნელისთვის სპალეტის შეცვლა რთული იქნებოდა".

"რთული სათქმელია, კვარაცხელიასა და ლავეცის შედარება, პოზიციის მიხედვით თუ მეკითხებით, მსგავსი ფეხბურთელები არიან, მაგრამ განსხვავებული თვისებები აქვთ. ლავეცი დაცვას კვარასავით არ ეხმარებოდა, ახლა სხვა ფეხბურთია, სხვა სქემაა. ლავეცის უკან ჩამოსვლას არც ვავალებდი, რადგან ეს უბრალოდ არ შეეძლო, ვეღარ სუნთქავდა... თუმცა, შემტევი ფუნქციების თვალსაზრისით ისინი მსგავსები არიან, მეტოქის მოტყუების, გოლის გატანის უნარებით. კავანი-ოსიმენის შედარება უფრო ადვილია, ვიდრე ლავეცი-კვარაცხელიას".

"წელიწადზე მეტი ვისვენებდი და მქონდა საშუალება ფეხბურთი უფრო მეტად შემესწავლა. ნებისმიერი სქემის გამოყენება შემიძლია, ჯერ გუნდს კარგად უნდა გავიცნო, გავიგო ფეხბურთელთა თვისებები და მერე, მატჩიდან მატჩამდე გადავწყვეტ რომელი სქემა იქნება უკეთესი".

"ახლა აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, გვაქვს თუ არა ჩემპიონობის შანსი. ბოლო მატჩი წავაგეთ, ამიტომ, ამჟამად მთავარია, გამარჯვება მოვიპოვოთ, მხოლოდ უახლოეს მატჩზე ვიფიქროთ, შემდეგ თამაშიდან თამაშამდე გამოჩნდება, რა იქნება ამ სეზონში მიზანი. რა აზრი აქვს ახლა "სკუდეტოზე" საუბარს, როდესაც ლიდერს 10 ქულით ჩამოვრჩებით. ვნახოთ, დროთა განმავლობაში რა მოხდება. უნდა გავიცნო გუნდი, შეუძლებელია ტელევიზორიდან გაიგო ფეხბურთელების ინდივიდუალური თვისებები, თუ მათთან უშუალოდ არ მუშაობ. ატალანტასთან რთული მატჩი გველის, არავის უხარია ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რადგან ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს".

"რაც გარედან ჩანდა, კავანი და ოსიმენი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. კავანისთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, ჩემს მითითებებს ყოველთვის ითვალისწინებდა, როცა ვეტყოდი უკან ჩამოსულიყო და დაცვას დახმარებოდა, ამას აკეთებდა. ალბათ, ოსიმენიც გააკეთებს, მათ ერთნაირი სათამაშო სტილი აქვთ". -
განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი