უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის შესაძლოა "დინამო ბათუმს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაცია ეტაპზე ვერ დაეხმაროს.
"წიტაიშვილი ჯერ კიდევ "დინამო კიევის" საკუთრებაში იმყოფება და, რაც არ უნდა იყოს, მას აუცილებლად მოუწევს კლუბთან პირობების შეთანხმება. არ დაგავიწყდეთ, მისი ხელშეკრულება კვლავ ძალაშია.
"იგი "დინამო ბათუმს" იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ ფიფა არ შეცვლის წესს, რომელიც უკრაინულ კლუბებთან ხელშეკრულების შეჩერების შესაძლებლობას იძლევა.
"როდის გაირკვევა ყველაფერი? ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ. საქმე მარტო მას არ ეხება, არამედ სხვა ქართველ ფეხბურთელებს და მათ, ვისაც უკრაინულ კლუბებთან ხელშეკრულება აქვთ, მაგრამ სხვაგან ირიცხებიან", - განაცხადა იგორმა.
გიორგი "დინამო კიევის" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელია, რომელიც იჯარით "დინამო ბათუმში" თამაშობს. უკრაინელებთან მისი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული, ქართველებთან კი 2024.
წიტაიშვილი აჭარულ კლუბს იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ იჯარას გაახანგრძლივებს, ან უკრაინელებისგან გამოისყიდიან.