"მუდმივად ხვიჩაზე საუბარი ცოტა უხერხულია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"მუდმივად ხვიჩაზე საუბარი ცოტა უხერხულია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

"მუდმივად ხვიჩაზე საუბარი ცოტა უხერხულია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
24-03-2023, 22:15
Aa Aa
გაზიარება:

საქართველო თვის ბოლომდე ორ შეხვედრას გამართავს, ჩვენი ბიჭები 25 მარტს მონღოლეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან, 28-ში კი ნორვეგიას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში უმასპინძლებენ.

გთავაზობთ ეროვნული გუნდის დამრიგებლის, ვილი სანიოლის პრესკონფერენციას:

მატჩი მონღოლეთთან

"მონღოლეთი პოპულარული საფეხბურთო ქვეყანა არაა, შესაბამისად, მის შესახებ არც თუ ისე ხარისხიანი ინფორმაცია არსებობს, თუმცა მათ თამაშებს თვალი მივადევნე და მზადება სწორედ ამის მიხედვით გავიარეთ. ჩვენი ანალიზიდან გამომდინარე ფეხბურთელებს კონკრეტულ დეტალებს ვუზიარებ. წესით, ხვალინდელ შეხვედრაში შანსი ახალ სახეებსაც მიეცემათ, იქნება ცვლილებები, რადგან ეს სწორედ ის მატჩია, სადაც გარკვეული ექსპერიმენტები უნდა ჩაატარო. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელებმა იციან, რომ დისციპლინასა და პროფესიონალურ მიდგომას ყოველთვის ვითხოვ განურჩევლად იმისა, ამხანაგურია მატჩი თუ ოფიციალური."

გიორგი მიქაუტაძის შესახებ

"გიორგის ადრე კონკრეტული მითითებები მივეცით, რაც მან გაითვალისწინა. ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ მიქაუტაძის უნარები ეფექტურად და პროდუქტიულად გამოვიყენოთ. ის ტიპური 9 ნომერი არ არის, თუმცა სწრაფია, ტექნიკური და თავდამსხმელისთვის ყველა შესაბამისი თვისება გააჩნია, მისგან ბევრ დადებითს ველით."

ხვიჩა კვარაცხელიაზე

"ხვიჩა ნაპოლიში მაღალი დონის მწვრთნელთან მუშაობს და ასეთივე ჩემპიონატში თამაშობს, მისი წარმატება ყველას გვიხარია, თუმცა გამუდმებით მასზე საუბარი ცოტა უხერხულია. მესმის, რომ გამოკვეთილი ლიდერი ფეხბურთში ყოველთვის და ყველგან არსებობდა, თუმცა წარმატება გუნდს ეკუთვნის და არა ინდივიდებს. ჩვენ თუ ევროპის ჩემპიონატზე შევძლებთ გასვლას, იქ მთელი გუნდით უნდა გავიდეთ და არა ერთი ფეხბურთელით. თავად ხვიჩას პროფესიონალიზმი და საქმისადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა, ის ისევ ძველებურად ირჯება. ხვიჩა კვარაცხელია ახლა ქვეყნის გმირია და მას ყველაფერი წინ აქვს, ის შესანიშნავი თანაგუნდელია."

17 წლის დებიუტანტი გაბრიელ სიგუას შესახებ


"ის საკმაოდ ახალგაზრდაა და კარგი პერსპექტივები აქვს, მათ შორის ეროვნულ გუნდში. თავიდან ცოტა მორცხვი იყო და ეს გასაგებია, ის ნაკრების წევრებს თითქმის არ იცნობს. გაბრიელს ვესაუბრე და მითითებები მივეცი, ვუთხარი რაზე აქვს სამუშაო. სიგუა ხვალ ითამაშებს, თუმცა ზუსტად რამდენს, ეს არ ვიცი."

თამაში ბათუმში და მისი გულშემატკივრები

"შვედეთის დამარცხებაში ბათუმელი გულშემატკივარი ძალიან დაგვეხმარა, ეს კარგად მახსოვს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩებშიც ანალოგიური ატმოსფერო იქნება. ცხადია, ბოლო პერიოდში კარგი შედეგები ვაჩვენეთ და ჩვენდამი მოლოდინი გაზრდილია. საქართველოს ნაკრებისთვის ბათუმში თამაში და ადგილობრივი მხარდაჭერა დიდი მოტივაციის წყაროა. გვჯერა და გვწამს, რომ წარმატებისთვის ყველაფერს მოგვცემენ." - ვილი სანიოლი

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მონღოლეთის მატჩი 25 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება, ნორვეგიასთან თამაში კი 28 მარტს, 20:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი