არგენტინელი მეფე თუ ფრანგი პრინცი? | მუნდიალის ფინალი » სპორტის ხაზი

არგენტინელი მეფე თუ ფრანგი პრინცი? | მუნდიალის ფინალი

არგენტინელი მეფე თუ ფრანგი პრინცი? | მუნდიალის ფინალი
18-12-2022, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 18 დეკემბერს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდებიან, სადაც ორივე ქვეყანა გვირგვინის მესამედ დადგმას შეეცდება.

ალბისელესტე მუნდიალის მოგებას შორეული 1986 წლისა და დიეგო მარადონას ტრიუმფის შემდეგ ცდილობს. რაც შეეხება საფრანგეთს, თუ ფინალს ისინი მოიგებენ, მაშინ საფრანგეთი შევა იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა შორის, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვა შეძლეს.

არგენტინელებმა მუნდიალი კატასტროფულად დაიწყეს, საუდის არაბეთთან წააგეს და გულშემატკივრები შოკში ჩააგდეს. მიუხედავად ამისა, როგორც შემდეგ ლიონელ მესიმ თქვა, ქომაგებს ამ ნაკრების აუცილებლად უნდა სჯეროდეთ, რაც გამართლდა კიდეც - არგენტინა ფინალშია!

საფრანგეთმა ჯგუფური ეტაპი გაცილებით იოლად გაიარა, რასაც მიაყოლა სუსტი პოლონეთი, ფავორიტი ინგლისი და ტურნირის მთავარი აღმოჩენა მაროკო, რომელმაც მანამდე გზად არაერთი გრანდი დაამარცხა.

სიახლეები ტრავმის შესახებ:

არგენტინაში ტრავმიანობის მხრივ, ყველაფერი რიგზეა. ლიონელ სკალონის ფეხბურთელთა სრული არჩევანი აქვს. გარდა იმისა, რომ ალბისელესტეში ყველა ჯანმრთელადაა, მათ ასევე დაუბრუნდათ მარკოს აკუნია და გონსალო მონტიელი, რომლებმაც მუნდიალის 1/2 ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.

საფრანგეთის ნაკრებში საეჭვოა დაიოტ უპამეკანოსა და ადრიენ რაბიოს თამაში, რომლებმაც მუნდიალის ნახევარფინალი ვირუსის გამო გამოტოვეს. იწერება, რომ ფინალში თამაშის შანსი ამ ორ მოთამაშესაც ექნება, თუმცა, რეალურად, ეს ძალიან საეჭვოა.

გუნდების სავარაუდო XI-ები:

არგენტინა: მარტინესი | მოლინა, რომერო, ოტამენდი, აკუნია | დე პაული, პარედესი, ფერნანდესი, მაკ ალისტერი | ალვარესი, მესი.

საფრანგეთი: ლორისი | კუნდე, ვარანი, კონატე, ტეო ერნანდესი | ჩუამენი, ფოფანა, გრიზმანი | დემბელე, ჟირუ, მბაპე.

გუნდების ურთიერთშეხვედრები:

არგენტინა და საფრანგეთი ისტორიაში ერთმანეთს 12-ჯერ შეხვედრილან, საიდანაც ნახევარი სამხრეთ ამერიკელებმა მოიგეს, 3-ჯერ გამარჯვება ფრანგებს დარჩათ, ფრეც ამდენივეჯერ ვიხილეთ.

რაც შეეხება მუნდიალს, მისი ისტორიის განმავლობაში, არგენტინა და საფრანგეთი ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ, სადაც 2-ჯერ არგენტინელებმა (1930, 1978), ერთხელ კი ფრანგებმა მოიგეს (2018).

მწვრთნელების კომენტარები:

დიდიე დეშამი: "დღევანდელი არგენტინა იმ არგენტინისგან განსხვავდება, რომელსაც 4 წლის წინ მუნდიალის 1/8 ფინალში შევხვდით."

ლიონელ სკალონი: "მოგებას ყოველთვის სარგებელი მოაქვს და ეს არის საუკეთესო საშუალება და წამალი ფინალამდე დასასვენებლად. ჩვენ ყველა მოთამაშეს მივეცით მინიმუმ რამდენიმე წუთი, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ."

საინტერესო ფაქტები:

არგენტინა და საფრანგეთი ზედიზედ მეორედ ერთმანეთს ისტორიაში პირველად ხვდებიან.

ბოლო შეხვედრიდან (2018), საფრანგეთში იმ თამაშიდან 8, ხოლო არგენტინაში 7 ფეხბურთელი შემორჩა, ჯამში 15.

არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეექვსედ თამაშობს, ფრანგები კი უკანასკნელ ეტაპზე მეოთხედ იმყოფებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი