რონალდუ: " არასდროს ვნებდებოდი..." » სპორტის ხაზი

რონალდუ: " არასდროს ვნებდებოდი..."

რონალდუ: " არასდროს ვნებდებოდი..."
11-12-2022, 23:13
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს გამოეთიშა. ეს შეხვედრა დიდი ალბათობით კრიშტიანუ რონალდუსთვის ბოლო იყო მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მან მატჩის შემდეგ იტირა და საფეხბურთო სამყაროს მთავარ ტურნირს ცრემლებით დაემშვიდობა. დღეს კრიშტიანუმ სოც.ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

"ჩემი უდიდესი ოცნება და გამოწვევა იყო, რომ პორტუგალიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი. ძალიან ბევრი საერთაშორისო ტიტული მომიპოვებია, მათ შორისაა სანაკრებო ჯილდოებიც, მაგრამ ყველაზე მეტად მინდოდა, ჩემი ქვეყანა უმაღლეს საფეხურზე ამეყვანა.

ამ მიზნის შესასრულებლად ბევრი ვიბრძოლე და მინდორზე ყველაფერი გავიღე. მუდამ ბოლომდე ვიხარჯებოდი და არასდროს ვნებდებოდი.

სამწუხაროდ, ჩემი ოცნება გუშინ დასრულდა. უკანასკნელ დღეებში ბევრი ჭორი და ტყუილი გავრცელდა. მსურს, ყველამ იცოდეთ, რომ პორტუგალიისადმი ჩემი ერთგულება არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ. ჩემი სამშობლოსა და თანაგუნდელებისთვის ზურგი არასდროს შემიქცევია.

ახლა მეტს ვეღარაფერს ვიტყვი. მადლობას ვუხდი პორტუგალიასა და კატარს. ამ ტიტულის აღმართვაზე ოცნება მაინც შესანიშნავი იყო. იმედი მაქვს, ყველა ადამიანს ექნება სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა," - წერს რონალდუ.

პორტუგალიელი ამ დროისთვის თავისუფალი აგენტია. ცოცხალი ლეგენდა ბოლოს საუდის არაბულ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა კრიშტიანუს გარემოცვა ჯერჯერობით არაფერს ადასტურებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი