ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩების ანალიზისას, CBS Sports-ის ეთერში ყურადღება ორ ახალგაზრდა ვარსკვლავზე – ხვიჩა კვარაცხელიასა და ლამინე იამალზე გაამახვილა. მისი თქმით, სწორედ მატჩის დასრულების წუთებში მიღებული გადაწყვეტილებები გამოყოფს გამოცდილ მოთამაშეებს ახალბედებისგან.
ანრიმ ბარსელონასა და „ინტერის“ დაპირისპირების ბოლო წუთები გააკრიტიკა:
„ყველას მოგვეწონა ის, რაც ამ მატჩში ვნახეთ, მაგრამ ასეთ დონეზე მნიშვნელოვანი მომენტებია ის, რაც თამაშის ბედს წყვეტს. 93-ე წუთზე, როდესაც იამალი ბურთს ფლობდა, მის ადგილზე მე კუთხურის ალმისკენ გავიქცეოდი და ვეცდებოდი დროის გაწელვას. ამის ნაცვლად, მან შეტევა გააგრძელა, შიდა საჯარიმოში შევიდა და დაარტყა — თუმცა უშედეგოდ. ასეთ მომენტში რაც გჭირდებოდა, სიმშვიდე და ჭკუაა,“ – აღნიშნა ანრიმ.
მან შეადარა ეს ეპიზოდი „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩს „არსენალთან“, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ქმედება ბევრად გონივრულად მიიჩნია:
„დავინახეთ, როგორ მოიქცა კვარაცხელია 91-ე წუთზე. როდესაც გუნდს ორი ბურთის უპირატესობა ჰქონდა, მან არ სცადა დამატებითი დარტყმის განხორციელება. უბრალოდ, ბურთი გვერდითა ხაზისკენ წაიღო და დროის გაწელვას გადაწყვიტა. ეს არის სწორედ ის, რასაც მატჩის დახურვა ჰქვია. ასეთ მომენტში გჭირდება გონივრული გადაწყვეტილება — და ხვიჩამ ეს იდეალურად აჩვენა.“
ანრის თქმით, მსგავსი დეტალები ხშირად გადამწყვეტია უმაღლეს საფეხბურთო დონეზე:
„ამ დროს უნდა იცოდე, როგორ დაიცვა შედეგი და როგორ მართო დრო. ამიტომაცაა დღეს პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.“