ესპანური კლუბ „ლევანტეს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფელიპე მინამბრესმა, რადიო COPE-თან მიცემულ ინტერვიუში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგში“ ტრანსფერის დეტალებზე გააკეთა საინტერესო განცხადებები.
როგორც აღმოჩნდა, ლისაბონური გრანდი ქართველ მოთამაშეს ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში აკვირდებოდა და მისი გადაბირება მაშინვე სურდა.
მინამბრესმა აღნიშნა, რომ პორტუგალიური კლუბის იმჟამინდელი სპორტული დირექტორი, უგო ვიანა, თავდაპირველად ანდრე გარსიათი იყო დაინტერესებული. თუმცა, მას შემდეგ, რაც ესპანელმა მცველმა „ასტონ ვილაში“ გადასვლა არჩია, ვიანამ ყურადღება ქოჩორაშვილისკენ მიმართა.
„უგო ვიანამ დამირეკა ანდრე გარსიას ტრანსფერთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც კი გარსიამ ინგლისის პრემიერლიგა არჩია, მათ ალტერნატიულ ვარიანტებზე დაიწყეს ფიქრი. სწორედ მაშინ ვესაუბრე ვიანას გიორგის შესახებ. ვიანამ მითხრა, რომ მას უკვე 2024 წელსაც სურდა ქართველი ნახევარმცველის გადაყვანა ლისაბონში, მაგრამ მაშინ კლუბმა ვერ შეძლო იმ ფეხბურთელების გაყიდვა, ვის ადგილზეც ქოჩორაშვილი უნდა მიეყვანათ“, – აღნიშნა მინამბრესმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი საბოლოოდ 7.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა პორტუგალიურ გრანდს, რაც მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა.