ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი "ნაპოლიში", ლუჩანო სპალეტი, საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში კლუბიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს. იტალიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის თქმით, მთავარი პრობლემა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან მუდმივი უთანხმოება გახდა.
"გუნდი დავტოვე იმიტომ, რომ აღარ მინდოდა დაპირისპირება ადამიანთან, რომელმაც ბევრი გააკეთა ნეაპოლისთვის, მაგრამ ძალიან ეგოისტურად იქცევა"
"დავიღალე კონფლიქტებით - იქნება ეს მაისურების თხოვნა ფეხბურთელების შვილებისთვის, თუ სასტუმროების მუდმივი ცვლა" - ამგვარ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, დეტალებზეც კი უთანხმოება ხშირი იყო.
სპალეტი ამბობს, რომ "ნაპოლიში" მუშაობისას ფაქტობრივად ორ მატჩს თამაშობდა — ერთს მოედანზე მეტოქეების წინააღმდეგ და მეორეს პრეზიდენტთან კულისებში. "დაპირისპირება ხშირად კონფლიქტის ზღვარზე გადიოდა" – ამბობს მწვრთნელი.
მისივე თქმით, მაშინაც კი, როცა "ნაპოლი" სერია A-ს ჩემპიონი გახდა, პრეზიდენტს გუნდისთვის არ მიულოცავს. მოგვიანებით მიღებულ ოფიციალურ წერილში კი კონტრაქტის ავტომატური გაგრძელება შეახსენა.
"მისთვის ხშირად დავიწყებულია, რომ თანამშრომლები მხოლოდ შემსრულებლები კი არა, ადამიანები არიან საკუთარი შეხედულებებით"
"თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მადლობელი ვარ დე ლაურენტისისა, რომ "ნაპოლიში" მუშაობის შანსი მომცა." - აღნიშნავს სპალეტი.