სომხურ მედიაში ბოლო დღეებია აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მატჩზე დასასწრები ბილეთები დღემდე არაა გაყიდვაში ჩაშვებული, არადა თბილისური თამაშის ყველა ბილეთი უკვე რეალიზებულია.
როგორც ჩანს, ჩვენს მეზობლად არც თუ ისე სტაბილური სიტუაციაა. საქმე ისაა, რომ საქართველოსთან მატჩამდე ბოლო საშინაო შეხვედრა სომხეთმა ფარერებთან 0:1 დათმო, უეფასგან მიღებული მკაცრი სასჯელი კი (ფულადი ჯარიმა და ზოგიერთი ტრიბუნის ჩაკეტვა) სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას დღემდე აფიქრებს.
იმ შეხვედრაში სომეხმა ფანებმა პიროტექნიკა გამოიყენეს, რის გამოც ფედერაციამ ფულადი ჯარიმა და გაფრთხილება მიიღო, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში თუ ანალოგიური ისევ მოხდება, მაშინ სასჯელი გაცილებით მკაცრი იქნება.
შესაბამისად, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას ახლა ორი ვარიანტი აქვს. მათ შეუძლიათ, რომ ფანები ან ნაწილობრივ დაუშვან, ან საერთოდ არავინ დაასწრონ და საფრთხეებისგანაც დაცულები იქნებიან.
ცნობისთვის, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არაა მიღებული, საქართველოსთან მატჩამდე კი სულ რაღაც 12 დღეა დარჩენილი!