დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ნაპოლი იტალიის თასზე საკმაოდ ადრე, 1/32-ფინალიდან ჩაერთვება, რაც, ცხადია, იმან განაპირობა, რომ გუნდს შარშანდელი სეზონი ძალიან ცუდი გამოუვიდა, რაც ახლა უნდა დააკომპენსიროს.
ანტონიო კონტეს გუნდი თავის შეხვედრას ზეგ, 10 აგვისტოს გამართავს, მეტოქე კი სერია B-ში მოასპარეზე მოდენა გახლავთ. მატჩი ნაპოლის სტადიონზე შედგება.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მისი სრულფასოვნად დატვირთვა (ან სულაც თამაში) საეჭვოა, რადგან კვარამ ბოლო ვარჯიში დისკომფორტის გამო დატოვა. როგორც წერენ, ქართველს მარჯვენა ფეხის კუნთზე ჰქონდა პრობლემები, ნეაპოლური გუნდის ექიმები კი უკვე საქმის კურსში არიან.
ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უვარჯიშებელი და დისკომფორტიანი ხვიჩა 10 აგვისტოს შეხვედრაში ვიხილოთ, რომელიც ჩვენი დროით 23:15-ზე დაიწყება.