ქართველმა პოეტმა, ბესიკ ხარანაულმა 21 მარტის თამაშზე დაწერილი ლექსი გამოაქვეყნა, გთავაზობთ მას:
ეს ომია,
ეს არ არის ფეხბურთის თამაში
როცა ყველა არის
ხმლის ხელში ამღები,
ქალი და, კაცი და,
ძუძუთა ბალღები,
როცა მგლები ყმუიან
და ყეფენ ძაღლები,
ეს ომია,
ეს არ არის ფეხბურთის თამაში,
ყველა ძალაზეა
და არა ნანვაში,
ეს ომია,
ეს არ არის ფეხბურთის თამაში,
ნამდვილი ომია,
უხმლო ქვეყანაში.
არიან ისეთნი,
ჯერ არ დაუწყიათ,
და,
წაგებულს ჰგვანან:
ჰეი, საქართველო,
ჩვილი გულით,
კეთილი ზრახვებით,
ომში ვინ შედის?!
სად შეიძენ რიხს,
მტერი დააფრთხო?
სად პოვებ ძალას,
მტერი დააგდო?
განა სიზმარში,
და განა ცხადში?
მხოლოდ შენს თავში
იპოვნი ძალას,
მხოლოდ ამ ომში,
იშოვნი სახელს!
ჰეი, საქართველო,
ეს ცხადია
და
არა სიზმარი,
ეს ომია,
ეს არ არის ფეხბურთის თამაში,
ეს ხმალია
უხმლო ქვეყანაში,
ეს სისხლია
გათელილ ყანაში,
ეს ომია
ქართულ წარმოთქმაში,
ეს ომია,
ეს არ არის
ფეხბურთის თამაში.