საქართველოს 15-ქალა ნაკრები ქუთაისის „აია არენაზე“ ყაზახეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგურ თამაშს გამართავს. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.
ჩვენმა გოგონებმა 15-ქალა რაგბი ისტორიაში პირველად 18 აპრილს ითამაშეს და გამოუცდელობის კვალობაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ჩვენი გუნდის პირველი ლელო მანონი საღარაძის ანგარიშზეა - 5:47.
წინა მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ორი იძულებითი ცვლილებაა. ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა მეორეხაზელი ვერა კუნდუხაშვილი, ხოლო შერკინების შემკვრელი სალომე მაკასარაშვილი ამავდროულად 12-წლამდელთა „ქართველი ბარბაროსების“ მწვრთნელია და გუნდთან ერთად მონაკოში გასამართ ფესტივალზე გაემგზავრა. მათ ნაცვლად მეორე ხაზში მარქაფიდან მირანდა სააკიანი, ხოლო მესამე ხაზში ნინო წიკლაური დაწინაურდა, რომელიც ფლანკერი იქნება, შემკვრელად კი ანა დათიაშვილმა გადაინაცვლა. შემადგენლობას დაემატა და ყაზახეთთან დებიუტი ექნება თიკო ჭინჭარაულს.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე ამბობს:
„15-ქალას დებიუტი შედგა და ამ ფაქტით ძალიან გახარებული ვარ. თამაში გოგოებსაც მოეწონათ. ეს ჩვენი პირველი თამაში იყო და ვიცოდით ხარვეზები მრავლად რომ გვექნებოდა. ვფიქრობ, ათლეტურობით მეტოქეს არ ჩამოუვარდებოდით და მომავალშიც ასე იქნება. საოცარი ატმოსფერო იყო სტადიონზე და ეს ემოცია დღემდე მოგვყვება. დარწმუნებული ვარ 24 აპრილს კიდევ უფრო მაგარი ქომაგობა გვექნება“.
„აღდგომის დღეები დაემთხვა და სულ ორი ვარჯიშის ჩატარება მოვასწარით. ვიმუშავეთ დეტალებზე და რამდენად შევძელით ხარვეზების გამოსწორება თამაშში გამოჩნდება“.