მუნდიალის პლეი ოფების საუკეთესო XI | Sportline » სპორტის ხაზი

მუნდიალის პლეი ოფების საუკეთესო XI | Sportline

მუნდიალის პლეი ოფების საუკეთესო XI | Sportline
7-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარი უკვე გავიარეთ და ყველაზე საინტერესო სტადიასაც მივადექით - 1/4 ფინალებიდან მუნდიალის დასრულებამდე სულ რაღაც 7 თამაში რჩება, რა დროშიც სამყაროს ყველაზე ძლიერი ნაკრები უნდა გამოვარკვიოთ. მანამდე კი, გთავაზობთ ჩვენი გუნდის შედგენილ საუკეთესო XI-ს, რომელიც 1/8 ფინალების სტადიაზე დაყრდნობითაა დაკომპლექტებული.

მეკარე: იასინ ბონო

ცოტა რთულია, საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდეს მეკარე, რომელიც თავისი ნაკრებისთვის 3 გადამწყვეტ თერთმეტმეტრიანს იგერიებს. საუბარი დომინიკ ლივაკოვიჩზეა, რომელიც პენალტების სერიაში ხორვატიას ნამდვილ გმირად მოევლინა და თავისი ქვეყანა მუნდიალის 1/4 ფინალში გაიყვანა. თითქოს, ლივაკოვიჩი უკონკურენტო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაროკოელთა მეკარემ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. იასინ ბონომ ანალოგიურის გაკეთება არც მეტი არც ნაკრები, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, ესპანეთის წინააღმდეგ შეძლო. გარდა ამისა, ბონოს ლივაკოვიჩთან შედარებით დამატებით ქულას ის სძენს, რომ სევილიას მეკარეს თამაშიდან გოლი არ გაუშვია, იაპონელებმა კი ხორვატების კარის აღება ერთხელ მაინც შეძლეს.

დაცვა: დენზელ დუმფრისი, ტიაგო სილვა, ლისანდრო მარტინესი, დელეი ბლინდი

ნიდერლანდების ნაკრების განაპირა მცველი, დენზელ დუმფრისი თავის პოზიციაზე უკონკურენტო იყო. ინტერის ფეხბურთელმა 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, რასაც მოგვიანებით გატანილი გოლიც დაურთო. შესაბამისად, როდესაც შენს გუნდს პლეი ოფში 3 გოლი გააქვს და სამივეში მონაწილეობა გაქვს მიღებული, ცხადია, რომ საუკეთესო XI-ში მოხვედრასაც იმსახურებ.

მიუხედავად იმისა, რომ ტიაგო სილვას უძლიერესმა ბრაზილიამ სუსტი სამხრეთ კორეისგან გოლი გაუშვა, ამის მიუხედავად ვეტერანი ფეხბურთელი საუკეთესოებთან ყოფნას მაინც იმსახურებს. გარდა დაცვაში სტაბილურად დგომისა, ტიაგო სილვამ იმ გენიალურ კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, რომლითაც ბრაზილიამ სამხრეთ კორეას მე-3 გოლი გაუტანა. ალბათ, მხოლოდ უმაღლესი საფეხბურთო ინტელექტისა და გამოცდილების მქონე ფეხბურთელი შეძლებდა ისე მშვიდად ისეთი საგოლე გადაცემის გაკეთებას, როგორც ეს ტიაგო სილვამ გააკეთა.

ლისანდრო მარტინესის არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის 1/4 ფინალში, საბოლოოდ დიდი ბრძოლის გადატანით გააღწია, არადა, თითქოს, ამ ყველაფერზე არაფერი მიგვანიშნებდა. რეალურად, არგენტინის ნაკრები ავსტრალიასთან მშვიდად იგებდა, თუმცა ერთმა ბურთის უეცარმა ცვლილებამ სამხრეთ ამერიკელთა კარის ბადე შეარხია და ყველაფერი თავდაყირა დადგა. სწორედ ასეთ დროს, როდესაც ავსტრალიამ გენიალური მომენტი შექმნა და ანგარიშის გათანაბრებაც წამების საქმე იყო, არგენტინის ნაკრებს მხსნელად ლისანდრო მარტინესი მოევლინა, რომელმაც საოცარი ქმედებით მეტოქეს დარტყმა დაუფარა და საკუთარი გუნდი მწარე რეალობის წინაშე დადგომისგან იხსნა.

დელეი ბლინდს რაფაელ გერეიროს სახით უძლიერესი კონკურენტი ჰყავდა, თუმცა არჩევანი მაინც ნიდერლანდელზე შევაჩერეთ. ორივე ფეხბურთელმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა ნიდერლანდელებმა 2-ჯერ ნაკლები რაოდენობის გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცენტულად დელეის მარგი ქმედების კოეფეიციენტი უფრო მაღალი იყო, ვიდრე რაფაელ გერეიროსი, რომელმაც ასევე ბრწყინვალედ ითამაშა.

ნახევარდაცვა: სოფიან ამრაბატი, ივან პერისიჩი, ჯორდან ჰენდერსონი

სოფიან ამრაბატი ჩამშლელ და საყრდენ ზონაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და კაშკაშა წერტილი იყო, რამაც მაროკოელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ის ფაქტი, რომ ესპანეთი ფლანგიდან ფლანგს უტრიალებდა და ცენტრიდან მომენტების შექმნა უჭირდა, მეტწილად სწორედ ამრაბატის კარგი თამაშის დამსახურებაა. გარდა ამისა, ამრაბატმა არაერთხელ ამოიტანა ბურთი დაცვიდან შეტევაში როგორც პასებით, ისე დრიბლინგით, რის გამოც მან საუკეთესო XI-ში მოხვედრა დაიმსახურა.

მეორე მოთამაშე ივან პერისიჩია, რომლის გამოყენებაც ხორვატებს, თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლიათ. ივანი აბსოლუტურად უნიკალური ფეხბურთელია, რადგან ის დაცვაშიც ირჯება, ნახევარდაცვასაც აძლევს ტემპს და შეტევების დასრულებაც შეუძლია. არადა, საუბარი გვაქვს 33 წლის ფეხბურთელზე, რომელსაც, როგორც წესი ამდენი არ უნდა შეეძლოს, თუმცა პერისიჩი ნათელი გამონაკლისია. ივანმა თავის შეხვედრაში ის ერთადერთი გოლი გაიტანა, რომლითაც ხორვატებმა ანგარიში გაათანაბრეს და პენალტების სერიამდე მივიდნენ, სადაც გამარჯვება და 1/4 ფინალში გასვლაც მოახერხეს.

ჯორდან ჰენდერსონის ადგილას რამდენიმე სხვა მოთამაშის დაყენებაც შეიძლებოდა, თუმცა ლივერპულის ნახევარმცველმა თავის შეხვედრა მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა. გარდა იმისა, რომ ჯორდანი ბევრს გადაადგილდებოდა და თანაგუნდელებს სიტყვიერ მითითებებსაც აძლევდა, მან ანგარიშის გამხსნელი გოლი გაიტანა, რაც, ცხადია, ძალიან ფასობს, რადგან პირველი გოლის გატანის შემდეგ, ფავორიტ ნაკრებს წნეხი ეხსნება და გაცილებით თავდაჯერებით თამაშობს, სხვაგვარად ინგლისელთა კიდევ ერთი ნახევარმცველი, დეკლან რაისი ამ ფრაზას ნამდვილად არ იტყოდა - "მართალია პირველი გოლის გატანამდე წნეხი მოქმედებდა, მაგრამ ამის გაკეთების შემდეგ, ხალხს რეალურად ვაჩვენეთ, თუ რა არის ჩვენი შესაძლებლობები."

შეტევა: კილიან მბაპე, გონსალო რამოში, ვინისიუს ჟუნიორი

შეტევა კილიან მბაპეს გარეშე რომ არ გამოვიდოდა ამაზე საუბარიც ზედმეტია. ფრანგმა ტალანტმა პოლონეთთან შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, რასაც საგოლე გადაცემაც დაურთო. საუბარიც ზედმეტია, თუ რამხელა ძალაა დიდიე დეშამისთვის პსჟ-ს ვარსკვლავი. რა თქმა უნდა, მუნდიალის 1/4 ფინალში ფრანგები უმთავრეს აქცენტს სწორედ კილიან მბაპეზე გააკეთებენ.

გონსალო რამოში იმ ფეხბურთელთა კატეგორიაში შედის, რომლებმაც საოცარი 1/8 ფინალი ჩაატარეს და საუკეთესოთა ნაკრებში მოხვედრის ულაპარაკო კანდიდატები არიან. სხვა თუ არაფერი, ბენფიკას ახალგაზრდა ფორვარდმა მინდორზე თამაში უდიდესი წნეხით დაიწყო - მან სათადარიგოთა სკამზე თვით კრიშტიანუ რონალდუ დასვა! მიუხედავად ამისა, გონსალო რამოშმა თავისი ქვეყნისთვის 3 გოლი გაიტანა და გულშემატკივრებს თავი ბრწყინვალე თამაშით დაამახსოვრა.

თერთმეტეულის ბოლო წევრი მადრიდის რეალის შემტევი, ვინისიუს ჟუნიორია, რომელსაც ბოლო წლებში გასაოცარი პროგრესი აქვს. პრაქტიკულად, აღარც დარჩა სათამაშო კომპონენტი, სადაც ვინისიუსმა წინსვლა არ განიცადა. სამხრეთ კორეასთან შეხვედრაში, ვინისიუსმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და რაც ყველაზე მთავარია, შედეგიანობა მან ულამაზესი სათამაშო სტილით შემოგვთავაზა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი