"ჩვენ ასეთი მოთამაშეები გვჭირდება" | იან კულემანსი ბელგიის ნაკრებზე » სპორტის ხაზი

"ჩვენ ასეთი მოთამაშეები გვჭირდება" | იან კულემანსი ბელგიის ნაკრებზე

"ჩვენ ასეთი მოთამაშეები გვჭირდება" | იან კულემანსი ბელგიის ნაკრებზე
2-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ბელგიის საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, იან კულემანსი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე 16 შეხვედრაში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი ბელგიის ნაკრების თამაშსა და მის ფიასკოზე საუბრობს.

რამდენიმე საათის წინ, ბელგიური მედია მოიცვა იმ ინტერვიუმ, სადაც კულემანსი კონკრეტული მოთამაშეებისთვის მეტი დროის მიცემას მოითხოვდა, რათა ბელგიელთა ნაკრები მეტად სიღრმისეული, სწრაფი და დინამიკური გამხდარიყო:

"ჩვენი ნაკრებისგან შეტევაში ძალიან ცოტა მოქმედებას ვხედავთ, რისთვისაც გუნდში ახალი ფეხბურთელებისთვის დროის მიცემაა საჭირო. ვფიქრობ, დროა, რომ ლუკაკუ გუნდში უკვე დადგეს, მის უკან კი ლეანდრო ტროსარი და ჟერემი დოკუ დავაყენოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივენი ძალიან მოტივირებულები იქნებიან, რადგან ნაკრებისთვის ბევრი აქვთ დასამტკიცებელი. გარდა ამისა, ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ეგვიპტესთან გავმართეთ, დოკუმ ფანტასტიკური შთაბეჭდილება დატოვა, ტროსარს კი ფეხები მშვენივრად უციმციმებდა. ასე რომ, ბელგიას ისეთი მოთამაშეები სჭირდება, რომლებსაც გუნდისთვის მეტი სიღრმისა და სისწრაფის მიცემა შეუძლიათ. თუ ბელგია გამარჯვებასა და ფლეიოფში კვალიფიცირებაზე ფიქრობს, მაშინ მსგავსი ფეხბურთელები ყველა ვარიანტში უნდა გამოვიყენოთ." - იან კულემანსი.

სხვათაშორის, რომელუ ლუკაკუ დიდიე დროგბამაც ახსენა, ოღონდ ხორვატიასთან დასრულებული შეხვედრისა და რამდენიმე სერიოზული მომენტის გაფუჭების შემდეგ: "რასაკვირველია, რომელუს უკეთესად თამაში მართებდა, მაგრამ ამაში მას ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ტრავმის გამო ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი გაუცდა. პირველ რიგში, მიღებული დაზიანება და პრაქტიკის უქონლობა ფეხბურთელს და მით უფრო თავდამსხმელს გოლის ალღოს, ფიზიკური ტემპის, სწორი გადაადგილების შეგრძნებას უქვეითებს, რის გამოც არ შემიძლია, რომ ამ ყველაფერში რომელუ 100%-ით დავადანაშაულო."

რაც შეეხება კულემანსსა და მის მოსაზრებას, დღევანდელი გადმოსახედიდან, აშკარაა, რომ იანი მართალი იყო, რადგან ის მოთამაშეები, რომლებიც ლეგენდარულმა ბელგიელმა ჩამოთვალა, მარტინესის სათამაშო სქემას მშვენივრად მოერგებოდნენ. ცხადია, როდესაც მეტოქისთვის პრობლემების შექმნას სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობ, მაშინ სწრაფი ფეხბურთელები გჭირდება, რათა ტაქტიკა და მოთამაშეები ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში იყვნენ. გარდა ამისა, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ბელგიას ფლანგიდან ფლანგზე ბურთი გრძელი პასით მოხდენილად გადაჰქონდა, თუმცა ბურთის მიმღების გარშემო ბელგიელები ჩასვლას და რიცხობრივი უპირატესობის შექმნას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ ახერხებდნენ, რომ შესაბამისი სათამაშო ტემპი ჰქონდათ დაკარგული, რაც მათ უმეტესობას ახალგაზრდობაში ნამდვილად გააჩნდა.

თუ ბელგიის სამივე თამაშს შევაფასებთ, ალბათ, ყველაზე მეტად ხორვატიასთან გამართული შეხვედრის ბოლო 30 წუთი გაგვახსენდება, სადაც ბელგიელებმა აქცენტი სწრაფ მოთამაშეებზე გააკეთეს და უნდა ითქვას, რომ საჭირო რაოდენობის მომენტებიც შექმნეს, თუმცა საგოლე რეალიზაციას ვერაფერი მოუხერხეს. მეტი დრო, მეტი შესაძლებლობა - ეს ისაა, რაც ბელგიელთა ახალგაზრდა ბიჭებს სჭირდებოდათ.

მოკლედ, ვინ იცის, ამ ნაკრებში ახალ თაობას უფრო მეტი დრო რომ მისცემოდა, იქნებ ბელგია 1/8 ფინალშიც გვეხილა და 2018 წლის მუნდიალის პირველი საფლეიოფო სტადიის შეხვედრაც ბელგიისა და იაპონიის სახით განმეორებულიყო. ახლა კი, დროა ბელგიელებმა ევრო 2024-ზე იფიქრონ, სადაც ახალი მწვრთნელით, მოთამაშეებითა და შემართებით გასვლა მოუწევთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი