არგენტინის ცუდი სტარტი, ოჩოას გადარჩენილი თამაში.. - მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დღე » სპორტის ხაზი

არგენტინის ცუდი სტარტი, ოჩოას გადარჩენილი თამაში.. - მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დღე

არგენტინის ცუდი სტარტი, ოჩოას გადარჩენილი თამაში.. - მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დღე
23-11-2022, 01:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საფრანგეთისა და ავსტრალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის დაპირისპირება, რითიც მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 სათამაშო დღე ზურგსუკან მოვიტოვეთ. ძალიან საინტერესო და სენსაციებით დახუნძლული მატჩები ვიხილეთ, რამაც მომდევნო შეხვედრების ინტრიგა კიდევ უფრო გაგვიღრმავა.

არგენტინა/საუდის არაბეთი - დღევანდელი სათამაშო დღე არგენტინისა და საუდის არაბეთის შეხვედრით დაიწყო, რომელშიც ბევრის აზრით ფავორიტი არგენტინის ნაკრები იყო, თუმცა როგორც ვნახეთ ყველაფერი აზრის საპირისპიროდ განვითარდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი სენსაციაც კი ვიხილეთ. სკალონეს გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო. ნაკრების უპირობო ლიდერს, ლიონელ მესის მე-2 წუთზევე შეექმნა მომენტი, თუმცა მეკარემ იდეალურად ითამაშა და საუდის არაბეთი გაშვებული გოლისგან იხსნა. ამ მომენტის შემდეგ სამხრეთ ამერიკელებმა მეტოქეზე ზეწოლა უფრო გაზარდეს და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. რეალური შანსების მიუხედავად 'ალბისელესტემ' გოლის გატანა თერთმეტმეტრიანის წყალობით მოახერხა, რომელიც ზუსტად ლეო მესიმ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ 35 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-7 გოლი გაიტანა. მესის გოლიდან დაახლოებით 15 წუთში ულამაზესი გოლი გაიტანა ლაუტარო მარტინესმა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო ტაბლოზე ისევ ერთიანი დაფიქსირდა.

არგენტინის ცუდი სტარტი, ოჩოას გადარჩენილი თამაში.. - მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დღე

ლაუტარო მარტინესის გოლი საუდის არაბეთის კარში არ ჩაითვალა

მეორე ტაიმი საუდის არაბეთის ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს. მეორე ნახევრის განახლებიდან ოთხ წუთში კი ალ ბურაიკანის საგოლე გადაცემით ალ შეჰრიმ გაიტანა. ხუთ წუთიან მონაკვეთში კი არგენტინის კარში მეორე გოლი ვიხილეთ - გოლის ავტორი კი 31 წლის ფეხბურთელი, სალემ ალ დავსარი გახლდათ. გაშვებული გოლების შემდეგ არგენტინის ნაკრები კიდევ უფრო გააქტიურდა, თუმცა ალბისელესტემ მეტოქის კარის აღება ვერცერთ ჯერზე ვერ მოახერხა. საბოლოოდ შეხვედრა 1:2 დასრულდა და სკალონეს შეგირდების მიერ 36 მატჩიანი წაუგებელია სერია საუდის არაბეთმა შეაჩერა.


მესიმ გაიტანა, თუმცა ნაკრებმა ვერ მოიგო.

დანია/ტუნისი - შესაძლოა მცირე სენსაცია ვუწოდოთ დანიასა და ტუნის შორის გამართული შეხვედრის საბოლოო ანგარიშზე, რადგან ბევრის აზრით ეს მომენტებით და გოლებით დახუნძლული 90 წუთი იქნებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა და პირველად ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე უგოლო ფრე დაფიქსირდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დანიის ნაკრების შესრულებით ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი იყო, რადგან სკანდინავიელებმა თავის გულშემატკივარს ბევრი გოლი ვერ შესთავაზეს და ბევრისთვის მარტივი მატჩის მოგება ვერ მოახერხეს. ძირითადად ტერიტორიულ უპირატესობას დანია ფლობდა, თუმცა უფრო სახიფათო მომენტებს აფრიკული ნაკრებისგან ვხედავდით. იყო კასპერ შმეიხელის არაერთი სეივი, თუმცა აღსანიშნავია ტუნისელთა მეკარის იდეალური ქმედება, როდესაც კრისტიან ერიქსენი ემუქრებოდა მოწინააღმდეგის კარს.


კასპერ შმეიხელი დანიის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კასპერ ჰჯულმანდის ბიჭების ყველაზე სახიფათო მომენტი კუთხურიდან შეიქმნა, როდესაც კრისტიან ერიქსენის ჩაწოდებას, კრისტენსენი გამოეხმაურა, დამატებაზე კი ცარიელ კარში გოლის გატანა შეცვლაზე შემოსულმა ფორვარდმა, ანდრეას კორნელიუსმა ვერ მოახერხა. იყო VAR-ის მიერ შემოწმებული შესაძლო თერთმეტმეტრიანის მომენტი, თუმცა მსაჯმა ეს წესების დარღვევად არ მიიჩნია. საბოლოოდ შეხვედრა, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

მექსიკა/პოლონეთი - არგენტინის ნაკრების დამარცხების შემდეგ c ჯგუფის დროებითი ლიდერი საუდის არაბეთი გახლდათ, რომელიც მექსიკისა და პოლონეთის მატჩის შედეგს უნდა დალოდებოდა. დანიის ნაკრების მსგავსად ტერიტორიულ უპირატესობას მექსიკის ნაკრები ფლობდა, თუმცა ჯერარდო მარტინოს შეგირდები მოწინააღმდეგეს ყველა კონპონენტში ჯაბნიდნენ - (ბურთის ფლობა, გოლის მცდელობა, კარში დარტყმა, კარისკენ დარტყმა, კუთხურები). ამ უპირატესობის მიუხედავად, იყო შანსი იმისა, რომ მექსიკის ნაკრებს ეს შეხვედრა წაეგო - 58-ე წუთზე პოლონეთის ნაკრების უპირობო ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და თავისი პირველი მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი გოლისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა მას წინ უბერებელი გილერმო ოჩოა გადაეფარა, რომელმაც ეს პენალტი მოიგერია და მექსიკის ნაკრები გაშვებული გოლისგან იხსნა.


ლევანდოვსკიმ პენალტი ვერ გამოიყენა

ამ მომენტის გარდა 37 წლის მეკარემ ნაკრები არაერთხელ იხსნა და საბოლოოდ კარგი თამაში დაუფასდა - ოჩოა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

საფრანგეთი/ავსტრალია - გამორჩეული და გოლებით დახუნძლული გამოდგა მე-3 სათამაშო დღის ბოლო მატჩი საფრანგეთსა და ავსტრალიას შორის, სადაც დიდიე დეშამის შეგირდებმა მარტივად 1:4 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ანგარიში ავსტრალიელმა ფეხბურთელმა, კრეიგ გუდვინმა გახსნა. თუმცა, დაახლოებით 15 წუთში ფრანგებმა ადრიან რაბიოს გოლით წონასწორობა აღადგინეს. ამ გოლის შემდეგ ფაქტობრივად ავსტრალია მეტოქის კარის სიახლოვეს არ გვინახავს. რაბიოს გოლიდან 5 წუთში ოლივიე ჟირუმ გაიტანა და ტაიმი ანგარიშით 1:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში ფრანგებმა ისევ გაზარდეს ზეწოლა და მესამე გოლიც გაიტანეს. კილიან მბაპემ 68-ე წუთზე ფრანგების უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა. მატჩის საბოლოო შედეგი კი ოლივიე ჟირუმ დააფიქსირა, რომელმაც 71-ე წუთზე თავური გოლი შემოგვთავაზა და ნაკრებში გატანილი ბურთებით ლეგენდარულ ტიერი ანრის გაუთანაბრდა. (51 გოლი)


ჟირუს 51-ე გოლი საფრანგეთის ნაკრებში

მოგახსენებთ, რომ ხვალ ასევე ოთხი შეხვედრა გაიმართება - (მაროკო/ხორვატია) ; (გერმანია/იაპონია) ; (ესპანეთი/კოსტა-რიკა) ; (ბელგია/კანადა)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი