გუშინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანია დაძაბულ ბრძოლაში 62:60 დაამარცხა და ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ კვალიფიცირდა.
აი, როგორ შეაფასა სკანდინავიელთა დამარცხება ჩვენი გუნდის დამრიგებელმა:
რთულ მატჩს ველოდით. ამ სანაკრებო პაუზის დროს ერთ-ერთ საუკეთესო მცველებთან, ლიუნდბერგთან და შილდსთან მოგვიხდა დაპირისპირება, ახლა მსგავსი უკანახაზელები არავის ჰყავს ევროპაში. დანიასთან გასვლაზე მარცხი ჩვენს ფარზე მათმა ბევრმა მოხსნამ განაპირობა, დღეს კი ამ პრობლემის გამოსწორება გვსურდა. ქართველმა კალათბურთელებმა ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს. ბოლდუინი ვარჯიშზე დაშავდა და ჩემთვისაც რთული ამოსახსნელია, როგორ მოახერხეს მოთამაშეებმა დანიასთან მატჩზე ფოკუსირება, რადგან იცოდნენ, რომ ასეთი მნიშვნელობის ფიგურა დავკარგეთ.
ჯერ არ მიფიქრია, რომელ ქვეყანაში ვისურვებდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. სადაც წილისყრის შემდეგ მოვხვდებით, იქ ვიასპარეზებთ. რთული ჯგუფი გავიარეთ, ფინეთსა და სერბეთს ვეთამაშეთ, მაგრამ წარმატებას მაინც მივაღწიეთ.
- თქვა ჯიკიჩმა.