გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” სტუმრად “ობრადორიო” დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ქართველი ცენტრი გახდა. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში, რომელიც კანარელებმა სტუმრად, კომპოსტლაში 97:86 მოიგეს.
შერმადინს ყველაზე მეტი ქულა არ ჩაუგდია, 19 ქულით ბომბარდირი ბრუნო ფიტიპალდო გახდა, თუმცა საუკეთესო მოთამაშეს გამაერთიანებელი სტატისტიკით ითვლიან, სადაც თითოეული სტატისტიკური მაჩვენებელი ითვლება და ერთიან კოეფიციენტში გამოისახება. სწორედ ამით იყო შერმადინი საუკეთესო – სარგებლიანობის ინდექსი ყველაზე მეტი, 22 ჰქონდა და ის დამსახურებულად გახდა მატჩის MVP.
რაც შეეხება ქართველი ცენტრის მონაგარს, შერმადინმა 30:31 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა ჰქონდა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მარსელინიო ჰუერტასის ანგარიშზე დაგროვდა.
ტენერიფეს 10 მოგების წილ 9 მარცხი აქვს და ამ მომენტისთვის ესპანეთის ლიგის მე-8 საფეხურზე იმყოფება.
gbf.ge