საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მეოთხე დღეა თბილისში ემზადება.
6 სექტემბერს, ჩვენმა გუნდმა კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ესპანეთის და ნორვეგიის ნაკრებებთან გასამართი მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა:
"მნიშვნელოვანი თამაში გველის. ესპანეთის სახით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით. ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და ვემზადებით ორივე მატჩისთვის. როგორც ესპანეთი, ისე ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდები არიან.
ვპირდებით გულშემატკივარს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ. მათ მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან თითოეულ თამაშზე ავსებენ სტადიონს. ძალიან კარგია, რომ ქართველი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში აგრძელებენ კარიერას. ეს ძალიან გვაკლდა. როდესაც ძლიერ გუნდში თამაშობ, სადაც მაღალი ტემპია, ეს ნაკრებზეც აისახება და ეხმარება ეროვნულ გუნდს".