გუშინ, საფრანგეთის "ლიგა 1-ში" კილიან მბაპეს "პსჟ" "რეიმსს" გასვლით მატჩში დაუპირისპირდა და შეხვედრა 0:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ თამაშის შემდეგ, კილიან მბაპემ "instagram story" გამოაქვეყნა, სადაც თავის ფოტოს წარწერაც დაურთო: "მთავარი საყრდენი". საქმე ისაა, რომ გუშინდელ შეხვედრაში კილიან მბაპემ შეტევაში არა ლეო მესის და ნეიმარის, არამედ კარლოს სოლერისა და პაბლო სარაბიას გვერდით, უფრო ზუსტად კი მათ წინ ითამაშა. არგენტინელი ვარსკვლავი გუნდს "ბენფიკასთან" მიღებული ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა, ბრაზილიელის დასვენების გადაწყვეტილება კი კრისტოფ გალტიემ მიიღო.
როგორც ფრანგული French Football News წერს, მბაპეს ეს საქციელი "პსჟ-ს" მთავარ მწვრთნელს მიემართებოდა და სათქმელის აზრი ის იყო, რომ კილიანს მარტო თამაში არ სურს. საქმე ისაა, რომ გალტიემ 3-4-2-1 ტაქტიკა შეარჩია, სადაც კილიანი გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე მარტო თამაშობდა, რაც, როგორც ჩანს, ფრანგისთვის კიდევ ერთი პრეტენზიის ჩამოყალიბებისთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა.