ვინ არის არტურ ვერმეერენი, რომელიც ბარსელონას ბუსკეტსის შემცვლელად სურს? » სპორტის ხაზი

ვინ არის არტურ ვერმეერენი, რომელიც ბარსელონას ბუსკეტსის შემცვლელად სურს?

ვინ არის არტურ ვერმეერენი, რომელიც ბარსელონას ბუსკეტსის შემცვლელად სურს?
26-05-2023, 11:55
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, უკვე ოფიციალურად გადაწყვეტილია, რომ ბარსელონა სერხიო ბუსკეტსმა დიდი ისტორიის შექმნის შემდეგ მომავალ სეზონში უნდა დატოვოს. ცხადია, კლუბში ესპანელი ფეხბურთელის, იგივე "ყოჩის" (როგორც მას გრემ ჰანტერმა უწოდა) წასვლის საკითხს სერიოზულად ეკიდებიან და მის შემცვლელს ევროპის მასშტაბით გამალებით ეძებენ.

სერხიოს შემცვლელად მატეუ ალემანის არაერთი კანდიდატი ჰყავს, ესენია: მარტინ სუბიმენდი, სოფიან ამრაბატი, რუბენ ნევეში, გვიდო როდრიგესი, ნგოლო კანტე და არტურ ვერმეერენი. ალბათ, ამ უკანასკნელის სახელი ცოტას თუ გეცნობათ, რაც სავსებით ლოგიკურია. არტური ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და ბელგიის ჩემპიონატში, კერძოდ ანტვერპენში თამაშობს.

ვერმეერენი პოზიციით ნახევარმცველია, თანაც საკმაოდ მრავალპროფილური. მას გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც შედარებით უკნიდან (უფრო მეტად ჩამშლელად თამაშობს), ისე შემტევ ფაზაშიც. 18 წლის ბელგიელი მოთამაშე თავისი ასაკისთვის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტით გამოირჩევა. პირველ რიგში, ვერმეერენს ასეთ დონეზე ფიზიკური მომზადების მაჩვენებელი მშვენივრად აქვს განვითარებული. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ის სათამაშო ინტელექტს უკავშირდება, რამაც ბარსას ყურადღება მიიპყრო კიდეც. მარტივად რომ ვთქვათ, ალბათ ბევრი თქვენგანი იფიქრებდა ბარსელონას მორიგ ფეხბურთელზე, კერძოდ პედრიზე რამდენიმე წლის წინ, რომ მას ასეთ ასაკშიც კი დაღვინებული თამაში შეეძლო. ამ თვალსაზრისით, არტური და პედრი ერთმანეთს ძალიან კარგად გაუგებდნენ.

არტურ ვერმეერენს ანტვერპენთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 8.50 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ ბარსელონასთან ერთად მისი გადაბირებით მანჩესტერ იუნაიტედიცაა დაინტერესებული.

ბელგიელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში ანტვერპენის მაისურით 32 მატჩი გამართა, ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. საგულისხმოა ისიც, რომ მან თავის კლუბთან ერთად ბელგიის თასის მოპოვებაც მოახერხა, შიდა ჩემპიონატში კი პირველობისთვის დღემდე იბრძვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი