როგორია მამარდას კარიერის განვითარების სცენარი - რას წერს ესპანური მედია » სპორტის ხაზი

როგორია მამარდას კარიერის განვითარების სცენარი - რას წერს ესპანური მედია

როგორია მამარდას კარიერის განვითარების სცენარი - რას წერს ესპანური მედია
15-04-2023, 15:26
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში უკვე 28 ტურმა გაიარა. გასავარდნი ზონის სამეულში ისეთ კლუბს ვხედავთ, რომელიც შიდა ჩემპიონატში მაღალ რეგალიებზე ყოველთვის იწევდა. “ვალენსიამ” განვლილ 28 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 27 ქულის მოგროვება მოახერხა და ამ დროისთვის მე-18 პოზიციაზეა გამწესებული. გუნდს არც ჯენარო გატუზოს გაშვებამ და რუბენ ბარახას მოსვლამ უშველა, პრობლემა სათავიდან მოდის, ამას ქომაგებიც აღნიშნავენ და ხელმძღვანელობის ქმედებებს ხშირად აპროტესტებენ.

მთავარი თემა, რომლითაც უშუალოდ ქართველი გულშემატკივრები დაინტერესებულნი არიან გიორგი მამარდაშვილის ბედია. “ღამურების” ბნელ სეზონში ერთადერთი ნათელი წერტილი სწორედ ქართველი მეკარეა. ყოველივე აღნიშნულს ესპანური მედია ხშირად აღნიშნავს. გიორგის დიდ პოტენციალს ხაზს ის ფაქტიც უსვამს, რომ ბოლო პერიოდში მეკარის მსურველთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. მადრიდის “ატლეტიკო,” “ლესტერი,” “ლიდსი,” “ტოტენჰემი,” “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი” - ეს იმ სახელოვან გუნდთა ჩამონათვალია, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ვალენსიას” კარის დარაჯის გადაბირებას ეცდებიან.

El Gol Digital-მა, ესპანურმა საინფორმაციო პორტალმა გიორგის დიეგო სიმეონეს გუნდში გადასვლის შანსებზე ისაუბრა:

“ვალენსიას შემადგენლობაში კატასტროფა ხდება, ერთ-ერთი ნათელი წერტილი გიორგი მამარდაშვილია, რომელიც ატლეტიკოს სატრანსფერო სიახლეებში ხშირად ხვდება. რომ არა ახალგაზრდა ქართველი, ღამურები სავალალო სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ.

დიდი ალბათობით ვალენსია უმაღლეს დივიზიონს დაემშვიდობება. თუ მამარდაშვილს პირველ ლიგაში სურს, მისთვის მადრიდული კლუბი ოპტიმალური ვარიანტი იქნება, ის მაშველი იქნება, რომელიც ქართველს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებას მისცემს.”

გიორგის ნამდვილად ექნება არჩევანის გაკეთების საშუალება. ყველაფერი მის სურვილსა და შესაძლებლობების განვითარების პოტენციალზეა დამოკიდებული. ქართველი “ვალენსიაში” მეორე სეზონია ირიცხება და ამჟამინდელი შეთანხმება 2027 წლამდე აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი