"თბილისიდან მარადონამდე | ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი ისტორია" - Eltoque კვარაზე წერს » სპორტის ხაზი

"თბილისიდან მარადონამდე | ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი ისტორია" - Eltoque კვარაზე წერს

"თბილისიდან მარადონამდე | ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი ისტორია" - Eltoque კვარაზე წერს
1-04-2023, 23:20
Aa Aa
გაზიარება:

ალბათ, ზუსტად რთულია იმ რიცხვის წარმოდგენა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დღიურად გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობას ასახავს. ჩვენი ტალანტი მსოფლიოს ყურადღებას სულ უფრო და უფრო იქცევს, მისი თამაში კი გულშემატკივრებს არნახული სპექტაკლით ართობს.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს ესპანური ვებგვერდი, კერძოდ Eltoque, რომლის სათაურიც ასე გამოიყურება, - "თბილისიდან მარადონამდე, ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი ისტორია":

ვარსკვლავის დაბადება

"იმ ბიჭს, რომელსაც ნეაპოლის ქუჩებში გიგანტურ ფრესკებად ხატავენ და იმ ბიჭს, რომელსაც რთულად წარმოსათქმელი გვარი აქვს (მას კვარადონას მარადონასთან მსგავსების გამო ეძახიან) საოცარი ისტორია აქვს, რომლის ცოდნაც ნამდვილად ღირს. ეს არამარტო ფეხბურთის მოყვარულებს ეხებათ, არამედ სპორტისადმი ინდიფერენტულად განწყობილ ადამიანებსაც, რადგან ხვიჩა კვარაცხელია არის მაგალითი შრომისა და ოცნების, რაც ცხოვრებას უკეთესობისკენ რადიკალურად გვიცვლის."

"ეს ბიჭი 2001 წლის 12 თებერვალს საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაიბადა. ხვიჩამ ფეხბურთის თამაში ადრეული ასაკიდან დაიწყო, რაზეც გავლენა მამამისს, ბადრის ჰქონდა. კვარაცხელია 2012 წელს, 11 წლის ასაკში ჩაეწერა დინამო თბილისის აკადემიაში, 2017 წელს კი, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე ხვიჩა პირველ გუნდში დააწინაურეს, შემდეგ კი მისი პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი მალევე შედგა. ამ ბიჭმა პირველ სეზონში დინამოს მაისურით 5 მატჩი გამართა, 1 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა, რაც საფეხბურთო კლუბ რუსთავისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ მასში 180 ათასი გადაეხადა. რუსთავში კვარაცხელიამ ყურადღება მალევე მიიპყრო, პირველ 18 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ 17 წლის იყო მაშინ, როდესაც The Guardian-მა 60 ყველაზე პერსპექტიულ და ნიჭიერ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა."

რუსეთი როგორც ტრამპლინი

"ჯერ კიდევ უცნობმა ბიჭმა ეროვნულ ლიგაში დიდი ხანი არ ითამაშა, რადგან მალევე მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით გადაბარგდა, იქ კი პირველი ნაბიჯი გადადგა მაღალი დონის ჩემპიონატისკენ. თავდაპირველად, კვარაცხელია კარგად სულაც არ გამოიყურებოდა, მან სულ რაღაც 10 მატჩი ითამაშა, თანაც ზოგჯერ სათადარიგოთა სკამიდან შემოდიოდა. ამ დროში ხვიჩამ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და სეზონის ბოლოს რუსეთის თასი მოიგო. 2019 წელს კვარაცხელია რუსთავში დაბრუნდა, შემდეგ კი გეზი კვლავ რუსეთისკენ, ამჯერად ყაზანის რუბინისკენ აიღო, რომელმაც ქართულ კლუბს 600 ათასი გადაუხადა. ხვიჩას აღმასვლა სწორედ რუბინში დაიწყო, იმ ბიჭის აღმასვლა, რომელიც ახლა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ევროპული ფეხბურთის ნამდვილი სახეა. რუბინში ხვიჩამ თავისი თავი გამოწრთო, მეტად დაიხვეწა, გუნდის წამყვანი ფიგურა გახდა და ძირითად XI-ში ადგილი მყარად დაიმკვიდრა. 2019-2022 წლებში ხვიჩამ ყაზანური კლუბის მაისურით 73 მატჩი გამართა, 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი მიითვალა. ამ პერიოდში კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ისევე როგორც რუსეთის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. ეს ბიჭი 18 წლის იყო, როდესაც ეროვნულ გუნდში გამოიძახეს, რის შემდეგაც მის შესახებ წერა სხვადასხვა მედიაში აქტიურად დაიწყეს."

რუსეთის ომი და მისი ყველაზე რთული ასპექტი

"2022 წელს რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო, რის გამოც FIFA-მ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს უფლება მისცა, რომ კონტრაქტი შეეწყვიტათ და საზღვრებს გარეთ ახალი კლუბი მოეძებნათ. თავად ფეხბურთელმა და მისმა ოჯახმა ყაზანში დარჩენისა და მუქარის შეტყობინება მიიღეს. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მისთვის სამშობლო, კერძოდ დინამო ბათუმი, რომელთანაც კვარაცხელიამ სეზონის ბოლომდე 11 მატჩი გამართა, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა, რამაც მას ლიგის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო მიაკუთვნა."

ნეაპოლი, მარადონა და ცნობადობა მსოფლიოში

"ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმური თავგადასავალი ძალიან მალე დასრულდა, ის ნეაპოლში 12 მილიონის სანაცვლოდ 2022 წლის 1 ივლისს გადავიდა, ეს ტრანსფერი კი საერთაშორისო სპორტული პრესისთვის შეუმჩნეველი დარჩა, შემდეგ კი ყველაფერი მოულოდნელად და რადიკალურად შეიცვალა. მან პირველი თამაში ვერონას წინააღმდეგ გამართა, გაიტანა გოლი და შეასრულა საგოლე პასი, სწორედ აქედან იწყება მისი აღზევება და სახელის მოხვეჭა. ხვიჩამ ნაპოლიში თავი მალევე დაიმკვიდრა, კლუბის ნიგერიელ თავდამსხმელთან, ვიქტორ ოსიმენთან კი მომაკვდინებელი დუეტი ჩამოაყალიბა. ხვიჩას ახლა ყველა ტურნირზე 14 გოლი და 16 საგოლე პასი აქვს, ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელმაც ნაპოლის ფანტასტიკური სეზონი განაპირობა. ისინი სერია A-ს ლიდერობენ და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არიან. დღეს, საფეხბურთო გრანდები მის გაფორმებაზე ოცნებობენ, ყველაზე ცნობილ გამოცემებს კი ხვიჩას რთული გვარით პირველი გვერდები აჭრელებული აქვთ. ხვიჩას საბაზრო ღირებულება ახლა რამდენჯერმე გაზრდილია, ნეაპოლში ეს ბიჭი შვილივით მიიღეს და პარალელებს დიეგო მარადონასთან ავლებენ, იმ დიეგოსთან, რომელსაც ამ ქალაქში უდიდესი პატივისცემა და დაფასება ჰქონდა. როგორ გაგრძელდება ეს ისტორია? - ზუსტად ამაზე უპასუხო რთულია, რადგან კვარაცხელიამ აჩვენა, რომ მის განვითარებას ლიმიტი არ აქვს. ყველაზე გასაოცარი ნაწილი ხვიჩას ჯერ კიდევ წინ აქვს და რაც არ უნდა რთულად ჟღერდეს მისი გვარი, ჩვენ, გულშემატკივრებმა სიტყვა კვარაცხელია აუცილებლად უნდა დავიზეპიროთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი