"ასეთ მომენტებში სათამაშო ხარისხი ეცემა ხოლმე" - ვილი სანიოლის კომენტარი » სპორტის ხაზი

"ასეთ მომენტებში სათამაშო ხარისხი ეცემა ხოლმე" - ვილი სანიოლის კომენტარი

"ასეთ მომენტებში სათამაშო ხარისხი ეცემა ხოლმე" - ვილი სანიოლის კომენტარი
25-03-2023, 20:57
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოსა და მონღოლეთის ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც აზიური ქვეყანა დიდი ანგარიშით, 6:1 განადგურდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა ჩვენი გუნდის ფრანგმა დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა, რომელმაც მონღოლეთთან გამართული მატჩი შეაფასა:

"ახლა არც ისე იოლია შევაფასო თუ რა იყო დადებითი და რა უარყოფითი. თამაშის დაწყებამდე გადაწყვეტილი მქონდა, რომ შანსი ბევრი ფეხბურთელისთვის მიმეცა და შემადგენლობა შემეცვალა, ასეთ მომენტებში კი სათამაშო ხარისხი ეცემა ხოლმე."

"რასაკვირველია, პირველი ნახევარი არ მომეწონა, უკმაყოფილო დავრჩი, თუმცა მეორე ტაიმში გაცილებით სწრაფად თამაში დავიწყეთ და ვაჩვენეთ, რომ სისხარტით მეტოქისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეგვიძლია."

"დღევანდელი მატჩის დადებითი მხარე ისაა, რომ ბევრი გოლი გავიტანეთ და კიდევ უფრო მეტი საგოლე შანსი შევქმენით. ასეთი შედეგი წლის პირველი შეხვედრისთვის კარგია, თუმცა გვესმის, რომ ნორვეგიასთან გაცილებით უკეთესად უნდა ვითამაშოთ, რათა სასურველ მიზანს მივაღწიოთ."

"გიორგი ჩაკვეტაძეს შესვენებაზე ვუთხარი, რომ ორიენტირებული უფრო მეტად ცენტრში თამაშზე ყოფილიყო. ვფიქრობ, მისი მსგავსი ტექნიკის მქონე ფეხბურთელი შუიდან უნდა თამაშობდეს და ეს გამოჩნდა კიდეც. გიორგი მოედნიდან გაყვანისას შევაქე და წარმატებები ვუსურვე."

"გიორგი ლორიამ პირველ ნახევარში ზურგის ტრავმა მიიღო, ჯერჯერობით მისი სიმძიმის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ის ლუკა გუგეშაშვილით ჩავანაცვლეთ, რომელმაც ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა."
- ვილი სანიოლი

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 28 მარტს გამართავს, მეტოქე კი ნორვეგია იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.