"ხვიჩა კვარაცხელია - ახალი ედენ აზარი ჩელსისთვის?" | Footballfancast-მა კვარაზე დაწერა » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია - ახალი ედენ აზარი ჩელსისთვის?" | Footballfancast-მა კვარაზე დაწერა

"ხვიჩა კვარაცხელია - ახალი ედენ აზარი ჩელსისთვის?" | Footballfancast-მა კვარაზე დაწერა
25-03-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

Footballfancast-მა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატია მოამზადა, რომლის მთავარი მიზანიც იმის გამორკვევაა, შეუძლია თუ არა კვარას, რომ ლონდონის ჩელსის ახალი ედენ აზარი გახდეს, ის აზარი, რომელიც პრემიერ ლიგას აზანზარებდა.

"მიუხედავად იმისა, რომ La Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩასა და ნაპოლის საკონტრაქტო ხელშეკრულების განახლებისა და ქართველისთვის ხელფასის გაზრდის შესახებ დაწერა, ჩელსის ამერიკელი პრეზიდენტი ტოდ ბოელი მაინც აპირებს, რომ კვარა თავის კლუბში იხილოს იმ მიზნით, რათა არისტოკრატებმა დამაგვირგვინებელ ფაზაში თამაში გამოასწორონ (29 მატჩი და 27 გოლი)."

"რასაკვირველია, კვარაცხელია იაფი არ დაჯდება, მისთვის ჩელსის 100 მილიონზე ნაკლებ შეთავაზებას უბრალოდ დაბლოკავენ, რადგან ხვიჩა ნაპოლის სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელია. სერია A-ს 23 თამაშში კვარაცხელიამ თავი 12 გოლსა და 10 საგოლე პასს მოუყარა, Whoscored-ისგან კი საშუალო რეიტინგად 7.64 აქვს მიღებული. მისი კარგი თამაში ჩემპიონთა ლიგაშიც ვიხილეთ, ჯამურად კვარაცხელიას 14 გოლი და ამდენივე ასისტი აქვს. ამ ბიჭის მსგავსი მაჩვენებლები არამხოლოდ აღემატება ჩელსის ფეხბურთელთა მონაცემებს, არამედ მისი საშუალოდ 2.9 დარტყმა, 1.7 საკვანძო პასი და 1.8 დრიბლინგი ყველასგან და ყველაფრისგან გამორჩეულია."

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდს სტატიის ამ ნაწილში მინა რზუკის (სპორტული ჟურნალისტი) ციტატა მოჰყავს, რომელშიც ნათლად გამოიხატება ხვიჩა კვარაცხელიასადმი დადებითი დამოკიდებულება:

"კარგი, გასაგებია, კვარაცხელია ნამდვილი ფენომენია, ეს ბავშვი მართლაც განსაკუთრებულია. მესმის, რომ ეს ნაპოლის მხოლოდ მეორე თამაშია, მაგრამ ხვიჩა ყველას აღემატება, ის ბოსია." - ამბობდა მინა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნეაპოლური გუნდი პირველ მატჩებს ატარებდა.

Footballfancast-მა მკითხველს ლონდონის არსენალისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ტიერი ანრის სიტყვებიც გაახსენა, რომელმაც კვარა ედენ აზარს შეადარა და დასძინა, რომ ხვიჩა ფანტასტიკური მოთამაშეა და მინდორზე ყველაფრის კეთება შეუძლია, როგორც დრიბლინგის, ისე დარტყმისა და პასის შესრულების. ფრანგი ლეგენდა იმასაც ამბობდა, რომ კვარას სათამაშო ბალანსი და ხედვა გამაოგნებელია.

რაც შეეხება თავად ბელგიელ ჯადოქარს, მან პრემიერ ლიგაში ჩელსის მაისურით 352-ჯერ ითამაშა, 110 გოლი გაიტანა და 92 საგოლე პასი შეასრულა. ეს იყო ედენ აზარის ვერსია, რომელიც გულშემატკივრების ფავორიტ ფეხბურთელს წარმოადგენდა.

"ლონდონის ჩელსი ედენის დანაკლისს 2019 წლიდან განიცდის, როდესაც ბელგიელმა ფეხბურთელმა მადრიდის რეალს მიაშურა, იქ კი მიღებულმა ტრავმებმა მისი კარიერა უბრალოდ გაანადგურა. ტოდ ბოელის გუნდს აზარის პოზიციაზე ხარისხიანი მოთამაშე აკლია, ედენის შემცვლელი ვერც კრისტიან პულისიჩი გამოდგა და ვერც ჰაკიმ ზიეჩი, ხვიჩა კვარაცხელია კი მომავალი სეზონისთვის გუნდის ქმედითუნარიანობას ერთიორად გაზრდიდა." - დაწერა ვებგვერდმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი