"საქართველოში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ" - ვილი სანიოლის ინტერვიუ ფრანგულ მედიასთან » სპორტის ხაზი

"საქართველოში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ" - ვილი სანიოლის ინტერვიუ ფრანგულ მედიასთან

"საქართველოში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ" - ვილი სანიოლის ინტერვიუ ფრანგულ მედიასთან
21-03-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა ჩვენი ქვეყნის შესახებ ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქ ყოფნით ძალიან ბედნიერია:

საქართველოს შესახებ

"როდესაც საქართველოდან შემოთავაზება მომივიდა, მას მალევე დავთანხმდი, თუმცა სიმართლე გითხრათ, ამ ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს ამ ქვეყანასთან ნათამაშები მაქვს. სატელეფონო ზარი ლევან კობიაშვილისგან მივიღე, რომელსაც ჯერ კიდევ ბუნდესლიგიდან ვიცნობდი. მისი წინადადება ჩემთვის მომხიბვლელი იყო, რადგან თავიდანვე მივხვდი, რომ გუნდის ჩემივე გეგმებით ასაშენებლად არც თუ ცოტა დრო მექნებოდა. საქართველოსთან თავიდან 2 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა. ამ სამუშაოზე დათანხმების შემდეგ, თბილისში ცხოვრება გადავწყვიტე, რათა აქაური ხალხის კულტურა, ხასიათი და მსგავსი დეტალები მეტად გამეცნო. გარდა ამისა, ენის სწავლაც მინდოდა, მაგრამ ეროვნული გუნდის ბიჭებმა მითხრეს, რომ თავს ძალიან რთულ საქმეში ვყოფდი. საქართველოში თითქმის ნახევარ წელიწადს ვატარებ, შიდა ჩემპიონატისა და თასების შეხვედრებს ვესწრები. ეს ქვეყანა ძალიან მომწონს თავისი სილამაზითა და გამორჩეულობით, ადამიანები თბილები არიან და ჩემდამი გულღია დამოკიდებულება აქვთ. საქართველოს კულტურა და ტრადიციები უნიკალურია, აქაურობა მართლაც მიმზიდველია."

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

"ხვიჩა სერია A-ში სასწაულებს აკეთებს, ეს ჩვეულებრივი რამ როდია. მისი დამსახურებაა ის, რომ სხვა ქართველი მოთამაშეებისადმი ინტერესი გაზრდილია, განსაკუთრებით საფრანგეთში. გახსოვთ ხვიჩა უკლუბოდ რომ იყო? - მაშინ რამდენიმე ფრანგულ კლუბს შევთავაზე მისი ვარიანტი, თუმცა გამბედავი ნაბიჯი ვერავინ გადადგა, ახლა კი მიკავშირდებიან და მასზე ინფორმაციის მიწოდებას მთხოვენ."

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ

"კარგად გვესმის, რომ ჩვენი ჯგუფის ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია. გარდა ამისა, ნორვეგიას ჰოლანდი და სხვა ვარსკვლავები ჰყავს. ასევე, არ უნდა ჩამოვწეროთ არც შოტლანდია (გლაზგოში მითამაშია და იოლი სულაც არაა) და არც კვიპროსი. იმას ნამდვილად არ ვამბობ, რომ ჯგუფის დაძლევა არ შეგვიძლია, პირიქით, თუ ფეხბურთელები მწყობრში იქნებიან და ტრავმები ხელს არ შეგვიშლის, მაშინ ყველასთვის შეგვიძლია ბარიერად ვიქცეთ. მოგეხსენებათ, რომ ბათუმში შვედეთი დავამარცხეთ, ბერძნებთან გასვლაზე ფრე ვითამაშეთ და ესპანეთთან სულ ბოლო წამებზე წავაგეთ. მოკლედ, ერთ თამაშში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპს სულ სხვა შინაარსი აქვს."

კარიერული მომავლის შესახებ

"ჩემს მომავალზე ბევრს არ ვფიქრობ, ეს პანდემიის პერიოდში უხვად მოვასწარი და შემდეგი რამ დავასკვენი, - თუ სადმე თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაშინ იქ უნდა დავრჩე. ეს საქართველოსაც ეხება, აქ კარგად ვარ და წასვლას არც ვაპირებ." - ვილი სანიოლი







კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი