ელიგა 2 კვირით დაისვენებს - როგორი იყო მეხუთე ტური » სპორტის ხაზი

ელიგა 2 კვირით დაისვენებს - როგორი იყო მეხუთე ტური

ელიგა 2 კვირით დაისვენებს - როგორი იყო მეხუთე ტური
20-03-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

აწ უკვე გასულ უქმეებზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტური გაიმართა. შაბათს მატჩები “გაგრასა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირებით დაიწყო. ქომაგმა 5 გოლი იხილა. შავიზღვისპირელებმა მეტოქე 4-1 დაამარცხეს. ფლამარიონის ჰეთ-თრიკითა და პაატა ღუდუშაურის გოლებით სტუმრებმა მარტივი გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში. გაგრელებიდან ერთი ბურთი ზურა მუსელიანმა ახლადდაბრუნებული თორნიკე ოქრიაშვილის გადაცემით გაიტანა.

სათამაშო დღე “სამტრედიასა” და “საბურთალოს” დაპირისპირებით გაგრძელდა. აღნიშნული შეხვედრაც უხვგოლიანი გამოდგა. გუნდებმა 3-3 ბურთი გაიტანეს და თითო-თითო ქულა აიღეს. თბილისელთა მხრიდან გოლები შეიკნე სილას, გიზი მამაგეიშვილისა და ივა გელაშვილის ანგარიშზეა. რაც შეეხებათ სამტრედიელებს, მათი მხრიდან თავი ნაჭყებიამ, ჩამბამ და კილასონიამ გამოიჩინეს.

დაძაბული შეხვედრა ვიხილეთ თელავშიც, სადაც ადგილობრივი კლუბი თბილისის “დინამოს” დაუხვდა. კახელებმა 0-2-დან ანგარიში 2-2 გახადეს. სიგუასა და კამარას გოლებს საბა ფირანაშვილმა და იმედა აშორტიამ უპასუხეს. საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

გორის “დილამ” ქობულეთის “შუქურას” წინააღმდეგ წყნარი სამი ქულა მოიპოვა. ქართლელებმა მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს. ლეგიონერების, ტიერი გეილისა და ონორე გომისის ბურთებით “დილამ” მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

ტური დღეს “სამგურალისა” და “ტორპედოს” მატჩით დაიხურა. გუნდებმა ერთმანეთში რამდენიმე მომენტი გაცვალეს. შეხვედრა ნამდვილად დაძაბული გამოდგა. მიუხედავად მომენტებისა, გოლის გატანა ვერც ერთმა შეძლო და შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა.

ეროვნული ლიგა მეექვსე ტურით პირველ აპრილს დაგვიბრუნდება. მანამდე კი მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ მატჩს გამართავს, მონღოლეთთან და ნორვეგიასთან. 21 წლამდე გუნდი კი ბელეკში ლატვიას შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი