ზუროსი: “საქართველო ჩემი მეორე სახლია” » სპორტის ხაზი

ზუროსი: “საქართველო ჩემი მეორე სახლია”

ზუროსი: “საქართველო ჩემი მეორე სახლია”
2-03-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემდგომ ბერძნულ ვებრადიო EOK-თან ინტერვიუ ჩაწერა და რამდენიმე თემას შეეხო.

პირველ რიგში იგი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შესახებ საუბრობს: “ამ წარმატების მასშტაბის აღწერა შეუძლებელია, რადგან საქართველომ ისტორიაში პირველად შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა. ისლანდიასთან თამაშის წინ მოთამაშეები დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ. პირველად ვნახე ისინი ასეთი დაძაბულები.”

ზუროსმა აგრეთვე ნაკრების კაპიტანზე, თორნიკე შენგელიაზეც ისაუბრა: "მას შემდეგ, რაც მიზანს მივაღწიეთ, გასახდელში მოთამაშეებს ჩემს შემდეგ შენგელიამ, როგორც კაპიტანმა ასეთი სიტყვებით მიმართა: "ამ გუნდს, ამ ბიჭებს არაფერში გავცვლიდი. არც ნბა-ში, არც პირად ტიტულებში, არაფერში". მისი პატრიოტიზმის, ნაკრების მიმართ მისი სიყვარულის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. იგივე ითქმის სხვა მოთამაშეებზეც. ქართველები მართლა თავს გაწირავენ ნაკრების მაისურისთვის".

საქართველოზე საუბრისას ზუროსმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "სიმართლე გითხრათ, საქართველო ჩემი მეორე სახლია, რადგან იქ უკვე 7 წელია ვიმყოფები. 2015 წელს თანამდებობაზე კოკოშკოვი შევცვალე. გუნდში თავიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა, ძალიან კარგი ქიმია გვქონდა, რასაც კარგი შედეგებიც მოყვა. მთელ ამ პროცესს ახლდა უამრავი დადებითი მომენტი, ძალიან დიდი სიყვარული, რომელიც ორმხრივია. აქ მართლა ვგრძნობ იმას, რაც წარმოუდგენელია სხვა გუნდებსა და ქვეყნებში იგრძნო, ეს სიყვარულსა და ნდობაში მდგომარეობს. როდესაც ქუჩაში გაჩერებენ და მადლობას გიხდიან, ეს სულ სხვა რამ არის.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი