გუშინ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებში გამგზავრებამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. ბორჯღალოსნები გერმანიასთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდგომ კარგ ხასიათზე არიან და მომდევნო შეხვედრისთვის მოტივირებულები არიან.
ლევან მაისაშვილმა ვარჯიშის შემდგომ მედიის შეკითხვებს უპასუხა: “ნიდერლანდები გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე წინა წლებში იყო და ეს ესპანეთთან თამაშმაც დაგვანახა. ისინი სამხრეთაფრიკელი და ახალ ზელანდიელი მორაგბეებით გაძლიერდნენ. უდაოა, რომ ნიდერლანდებს გერმანიაზე უკეთესი ნაკრები ჰყავს. მოსამზადებლად მოკლე კვირა გვქონდა და მხოლოდ ორი ვარჯიშის ჩატარება მოვასწარით. ახლა, მგზავრობა გვიწევს, რასაც ენერგია მიაქვს. პირველი თამაშის შემდეგ შემადგენლობაში როტაციას მივმართავთ. ბევრი მოთამაშის შეცვლას ვაპირებთ. მთლიანობაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ვიმედოვნებ, კიდევ უფრო უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ, ვიდრე – გერმანიასთან.”
საქართველოსა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება შაბათს, 11 თებერვალს 16:15-ზე დაიწყება.