გუშინ “მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემს” შორის ინგლისის პრემიერლიგის მეშვიდე გამოტოვებული ტურის მატჩი შედგა. შეხვედრა “დეზების” უპირატესობით დაიწყო, მათ მასპინძლებს პირველ ტაიმში ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს, ეს კონკრეტულად დეიან კულუშევსკიმ და ემერსონ როიალმა მოახერხეს.
მეორე ნახევარში გუარდიოლას გუნდი მოედანზე სახეცვლილი გამოვიდა. 51-ე წუთზე ხუალიან ალვარესმა ერთი ბუთი გაქვითა. 10 წუთიან მონაკვეთში კი ჰალანდისა და მაჰრეზის გოლების წყალობით “ქალაქელები” დაწინაურდნენ. მატჩს საბოლოო წერტილი მაჰრეზის დუბლით 90-ე წუთზე დაესვა.
“მანჩესტერს” პირველადგილოსან “არსენალთან” ხუთქულიანი ჩამორჩენა აქვს, თუმცა ხაზი იმასაც უნდა გავუსვათ, რომ “მეთოფეებს” მარაგში ორი მატჩი აქვთ. რაც შეეხება კონტეს გუნდს, იგი 33 ქულით კვლავ მეხუთეა.