გალიაში მოქცეული ჩიტი | სპალეტი კვარაცხელიას ზღუდავს? » სპორტის ხაზი

გალიაში მოქცეული ჩიტი | სპალეტი კვარაცხელიას ზღუდავს?

გალიაში მოქცეული ჩიტი | სპალეტი კვარაცხელიას ზღუდავს?
5-01-2023, 16:45
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 2022/2023 წლების სეზონის ფანტასტიკურად დაწყების შემდეგ, ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის იყო საგანგაშო ნაპოლის ამხანაგური შეხვედრები, რომელთა როგორც შედეგები, ისე სათამაშო ხარისხი ეტაპობრივად უარესდებოდა.

რამ განაპირობა ნაპოლის არაპროგნოზირებადი აფეთქება? - პასუხი მარტივია: ნეაპოლური გუნდის ვულკანური ამოფრქვევა იმ მოთამაშეების კისერზეა, რომლებსაც ფართო აუდიტორია აქამდე არ იცნობდა. ცხადია, მათ შორის მოიაზრება ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც იტალიაში ჩასვლამდე და იქ ყოფნის პირველ ხანებშიც ლამაზი სათამაშო სტილით გამოირჩეოდა. ქართველი ფეხბურთელი მწვანე მინდორზე ლაღი ჩიტივით დანავარდობდა, რასაც მისი ქუჩური ფეხბურთის ელემენტები განაპირობებდა.

დრიბლინგი, საფეხბურთო სითავხედე, თავქარიანობა, არაპროგნოზირებადობა, - აი, სწორედ ასე იწყებდა კვარა ნაპოლიში თამაშს და ფაქტია, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი გულშემატკივარიც შეიძინა. თქვენ რომ გენახათ უცხოელი ქომაგების აჟიტირება, თავადაც სიამოვნების გრძნობით აღივსებოდით. შესაძლოა, ვიღაცას სიზმარშიც კი ჰგონებოდა თავი, თუმცა, რეალობა მზის სხივივით ნათელი და მკაფიოა, ხვიჩა კვარაცხელიას აქვს მაგია, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარს ძალიან მოენატრა.

მიუხედავად ყველაფრისა, გვერდს ვერ ავუვლით ელიტური ფეხბურთის მკაცრ წესებს, თანამედროვეობის შეზღუდულ სივრცეებსა და ტაქტიკურ დაპირისპირებებს, რომელთან ადაპტაციაც ყველა ელიტური მოთამაშის "ხვედრია". რა ვნახეთ გუშინდელ შეხვედრაში? - ის, რასაც ბოლო 10 წელზე მეტია ვხედავთ: დაქსაქსული მოედანი, სიმჭიდროვე თითოელ წერტილში იმგვარად, რომ ფეხბურთელს ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ ეძლევა. ცხადია, მსგავსი პირობები გამორჩეული უნარების მქონე ფეხბურთელისთვის ცალკე დაბრკოლებაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მგალობელ ჩიტს გალიაში თავად პატრონი სვამს, მაშინ მის გარშემო არსებული რეალობა კიდევ უფრო მწვავდება, ფრთები კი ნელ-ნელა გაქრობისკენ მიექანება: "სპალეტიმ კვარაცხელია უნდა გახსნას და არა გალიაში მოაქციოს." - ეს პარმას ყოფილი მწვრთნელისა და ფაბიო კანავაროს ექს-აგენტის, ენრიკო ფედელეს სიტყვებია, რომელიც იტალიელმა ჯერ კიდევ რამდენიმე მატჩის წინ თქვა.

"ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი ფენომენია, თუმცა ერთი რამ სათქმელია, ის მეტად ეგოისტი უნდა გახდეს." - თქვა ქართველზე მისმა თანაგუნდელმა, სალვატორე სირიგუმ, რომლის მსგავსადაც ნაპოლის არაერთმა მოთამაშემ მოუწოდა ხვიჩას მეტი გახსნისკენ, მეტი სილაღისა და თავისუფლებისკენ, რომლის საპირისპიროსაც ფიქრობს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი:

"ხვიჩამ გუნდს უნდა ულიდეროს, მაგრამ დროა, რომ ის დაცვაშიც გაირჯეს და უფრო მეტად გუნდური გახდეს, მეტად მოძებნოს გახსნილი თანაგუნდელები." - ეს სპალეტის სიტყვებია, რომლის მოსმენაც ხვიჩას არაერთხელ მოუხდა, შესაძლოა იმდენჯერაც კი, რომ მწვრთნელის შეგონებები კვარას თავში იმდენად დაილექა, რომ ახლა მის განგებისგან მომადლებულ ფრთებს გასაქანი საერთოდ აღარ აქვთ. თითქოს, როგორი უცნაურია, როდესაც თანაგუნდელები, რომლებიც უშუალოდ მინდორზე გრძნობენ ხვიჩას იმპულსურ მაგიას, როგორ მოუწოდებენ ქართველს, რომ მეტად მომაკვდინებელი და ეგოისტი გახდეს. ამის პარალელურად კი, კაცი, რომელიც გაწვრთნაზეა ორიენტირებული და მოვლენებს მოედნის მიღმა აკვირდება, შესაძლოა, თავისი შიშებისა და აფორიაქების გამო, როგორ აბრკოლებს მონავარდე ჩიტს, რომელსაც მთელი იტალიის წალეკვა შეუძლია.

რეალობა ერთობ უცნაური და მტკინვეულია - მინდორზე მყოფი ხვიჩას თანაგუნდელები ქართველის შესაძლებლობებს ყველაზე სწორად და ადეკვატურად აფასებენ. მაშინ, როდესაც ხედავ, თუ როგორ აქრობს მოედნიდან მეტოქეებს შენ წინ მყოფი 21 წლის, ჯერ კიდევ უცნობი ბიჭი, შენც დაუძლეველი სურვილი გეუფლება, რომ ზურგს უკან დამალული, აგიზგიზებული ჩირაღდანი მთელ ამ უკუნით სიბნელეს მოატარო, რომელიც ნეაპოლელებისთვის 1990 წლიდან დგას, თუმცა, მეორე მხარეს არსებობს გალიის მეპატრონე, რომელსაც არ შეუძლია, რომ გალია ცარიელი დიდი ხნით დატოვოს..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.