ქართული სპორტის ზეიმი და უკეთესის მოლოდინი - მიმოვიხილოთ 2022 წელი » სპორტის ხაზი

ქართული სპორტის ზეიმი და უკეთესის მოლოდინი - მიმოვიხილოთ 2022 წელი

ქართული სპორტის ზეიმი და უკეთესის მოლოდინი - მიმოვიხილოთ 2022 წელი
31-12-2022, 20:08
Aa Aa
გაზიარება:

ქართული სპორტის ისტორიაში 2022 წელი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გამოდგა, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იყო საქართველოს ისტორიაში. არაერთი გოლი, ლელო, მოგებული შეხვედრა, ვაზარი, ისტორიული დღეეები და რეკორდებით გამოწვეული ბედნიერება.. ეს იმ ყოველივეს მცირე ნაწილია, რამაც 2022 წელი გაგვილამაზა და მომავალში უკეთესის სურვილი დაგვიტოვა.

ჩვენ, sportline-ის ჯგუფი გილოცავთ დამდეგ 2023 წელს და გთავაზობთ 2022 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მომენტების ხელახლა გააზრების და ბედნიერების გამოხატვის საშუალებას.

რაგბი



საქართველოს სარაგბო ნაკრებისთვის 2022 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ბოლო 12 თვის მანძილზე ჩატარებული 15 შეხვედრიდან “ბორჯღალოსნებმა” მარცხი მხოლოდ ორჯერ იწვნიეს, ფრედ ერთადერთი შეხვედრა დაასრეს, დანარჩენ მატჩებში კი იმარჯვეს.

უფრო სიღრმისეულად რომ განვიხილოთ - ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა სარაგბო ნაკრებმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კვლავ იმარჯვა. აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა მოთამაშეებმა ისეთ ნაკრებებს სძლიეს, როგორებიც ესპანეთი, რუმინეთი, რუსეთი და ნიდერლანდები არიან, პორტუგალიასთან კი ფრედ დაასრულეს. ჯგუფში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მეთორმეტედ მოიგო.

ქართული სპორტის ზეიმი და უკეთესის მოლოდინი - მიმოვიხილოთ 2022 წელი


'ბორჯღალოსნებმა' ქართველი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარეს


აუცილებელია, რომ მიმოვიხილოთ საერთაშორისო ტესტ მატჩებიც. 6 ამხანაგური შეხვედრიდან ჩვენებურებმა ოთხჯერ იმარჯვეს, ორ შემთხვევაში კი დამარცხნენ (არგენტინა B-სა და სამოას წინააღმდეგ). გამარჯვებებიდან უნდა გამოვყოთ ზაფხულში იტალიის, ნოემბრის მატჩებში კი უელსთან გამარჯვება. “ბორჯღალოსნებმა” ექვსი ერის ორ ნაკრებს სძლიეს და მსოფლიო სარაგბო სამყაროში თავისი სიტყვა თქვეს. ქართველებმა პორტუგალიასა და ურუგვაისაც კი აჯობეს.

2022 წელს მსოფლიოს სარაგბო რეიტინგში საქართველო მე-13 ადგილზე ასრულებს.

ძალოსნობა



რაც შეეხება ძალოსნობას, გამონაკლისი არც 2022 წელი ყოფილა - მაისში ლაშა ტალახაძემ ევროპის პირველობა იზეიმა. გუნდურად ქართველებმა კი მესამე ადგილი დაიკავეს. გიორგი ასანიძე კი ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციამ აღნიშნულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ამ ტურნირზე შოთა მიშველაძემაც წარმატებით იასპარეზა. მან ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიოური, ექვსგზის ევროპის და ახლა უკვე ამდენჯერვე მსოფლიოს ჩემპიონია.


2022 წელი ძალოსნებმა ასევე წარმატებულად დახურეს. ბოგოტაში (კოლუმბია) გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს მედალი აიღო. რაც შეეხება გიორგი ჩხეიძეს, მან ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კალათბურთი



2022 წელი ქართული კალათბურთისთვის განსაკუთრებული იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ თბილისმა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლა და დედაქალაქში ევროპული კალათბურთის ვარსკვლავები ვიხილეთ. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ესპანეთთან, თურქეთთან, მონტენეგროსთან, ბელგიასთან და ბულგარეთთან მოხვდა. იყო შანსი, რომ ქართული სპორტის ახალი ფურცელი გადაგვეშალა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ილია ზუროსის ბიჭებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს.

ერთ-ერთი მიზეზი ნიდერლანდებთან გამართული მატჩი იყო, სადაც ნაკრების ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ დაზიანება მიიღო, რის გამოც ევრობასკეტზე გუნდის დახმარება ვერ შეძლო. დიდი დანაკლისის მიუხედავად ქართველმა კალათბურთელებმა ბელგიასთან იბრძოლეს და მატჩის მოგებისთვის ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ოვერტაიმის დასრულებამდე 3 წამით ადრე ტაბუს მიერ ჩაგდებულმა სამმა ქულამ ყველაფერი შეცვალა და ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველი მარცხი განიცადა.

ბელგიასთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ესპანეთს შეხვდა, სადაც 'ჯვაროსნები' უშანსოდ, 64:90 დამარცხდნენ. ზედიზედ ორ წაგებას პირველი გამარჯვება მოყვა, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა თურქეთთან იგემეს. ეს მატჩი რომ ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს ხშირმა დაპირისპირებებმაც გვაჩვენეს. ერთ-ერთი დუდა სანაძესა და კორკმაზს შორის დაწყებული დაპირისპირება იყო, რომელიც ორივე სპორტსმენის გაძევებით დასრულდა. თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქულმა მხარემ განაცხადა, რომ დუდა სანაძე და რამდენიმე ქართველი კალათბურთელი კორკმაზს გასახდელში გაუსწორდნენ - ამის შესახებ FIBA - მ გამოძიება დაიწყო და ინციდენტში მონაწილე კალათბურთელებს ჯარიმები დააკისრა.


საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან მოგებით მომდევნო ეტაპზე გასვლის იდეალური შესაძლებლობა შეინარჩუნა


საქართველოს ნაკრებს თურქეთთან მოგებით მომდევნო ეტაპზე გასვლის იდეალური შესაძლებლობა მიეცა და ნაკრებმა ჯგუფუერი ეტაპის მე-4 შეხვედრა ბულგარეთის წინააღმდეგ გამართა. გიორგი შერმადინმა და კამპანიამ ბულგარეთის უკანახაზს ვერაფერი დაუპირისპირეს და ნაკრები ბულგარეთთან 80:92 დამარცხდა.

წაგების მიუხედავად სიტუცია ისე დალაგდა, რომ ბოლო ტურში გამარჯვების მიუხედავად ქართველები მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა მონტენეგროსთან 73:81 დავმარცხდით და ჯგუფი ბოლო ადგილზე დავასრულეთ.

ევრობასკეტიდან გამოვარდნის შემდეგ, გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობა უნდა მიეღო. პირველი დაპირისპირება ნაკრებმა ესპანეთთან გამართა, სადაც 'ჯვაროსნებმა' ისტორია დაწერეს და მსოფლიო ჩემპიონს, ანგარიშით 82:76 სძლიეს.


ესპანეთთან მოგება საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა


ნაკრების გარდა აუცილებლად ინდივიდუალურ შედეგებზე უნდა ვისაუბროთ, საუბარი კი რა თქმა უნდა გოგა ბითაძედაც უნდა დავიწყოთ, რომლისთვისაც წლის პირველი ნახევარი მართლაც გამორჩეული იყო. მნიშვნელოვანი იყო 'ჰიუსტონთან' შეხვედრა, სადაც გოგამ სარეკორდო, 23 ქულა ჩააგდო და კარიერული წარმატებისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

კარგი პირველი ნახევრის მიუხედავად, მიმდინარე რეგულარულში განსხვავებული სიტუაციაა და 'ინდიანას' თავკაცი, რიკ კარლაილი გოგას სათამაშო დროს ფაქტობრივად არ აძლევს - გამონაკლისია 10-15 წუთი, სადაც ქართველი თავის შესაძლებლობებს ვერ ავლენს.


გოგას მატჩი 'ჰიუსტონთან' მართლაც გამორჩეული იყო


გოგას გარდა NBA-ში კიდევ ერთი ქართველი, სანდრო მამუკელაშვილი ასპარეზობს, რომელიც 'მილოუკი ბაქსის' ღირსებას იცავს. გოგასგან განსხვავებით მამუს G ლიგაში თამაშის საშუალებას მაინც აძლევენ და ქართველმა სპორტსმენმა რამდენიმე შედეგიანი შეხვედრაც კი შემოგვთავაზა. გოგასა და მამუკელაშვილის გვერდით გიორგი ბეჟანიშვილიც უნდა ვახსენოთ, რომელიც განვითარების ლიგაში თამაშობს.

ამერიკიდან ევროპაში გადავინაცვლოდ, სადაც გამორჩეულია გიორგი შერმადინი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველი ესაპენთის ჩემპიონატის mvp - ს ტიტულის მოგებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ქართველი ცენტრი მუსას ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა.


შერმადინი 'ტენერიფეს' რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა


შორს რომ არ წავიდეთ ვისაუბროთ თორნიკე შენგელიაზე, რომელიც 2022 წლის დასაწყისში 'ცსკას' ღირსებას იცავდა, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო კაპიტანმა გუნდი დატოვა და 'ვირტუსს' შეუერთდა. რამდენიმე დღის წინ თორნიკემ იტალიურ კლუბთან ახალი კონტრაქტიც გააფორმა.

ფეხბურთი



საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2021 წელს დაწყებული წაუგებელი სერია 2022-შიც განაგრძო. ჯვაროსნებს ოფიციალურ შეხვედრებში უკვე 11 მატჩიანი წაუგებელი სერია მოუგროვდათ. ბიჭებმა მოახერხეს და ერთა ლიგის არცთუ ისე მარტივი ჯგუფი მოიგეს - დაამარცხეს ჩრდ.მაკედონიის, ბულგარეთისა და გიბრალტარის ნაკრებები, საერთო ჯამში 16 ქულა მოაგროვეს. ნახევარფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის მარტში ყაზახეთს შეხვდება (იმ შემთხვევაში, თუ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო, ჯგუფურ ეტაპს ვერ დაძლევენ).


ნაკრებმა 2022 წელს ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა


2022 წელს ერთადერთი მარცხი ქართველებმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტთან, მაროკოსთან იწვნიეს.

აგრეთვე ვიცით იმ მეტოქეთა ვინაობა, ვისთანაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდება - ესპანეთი, ნორვეგია, შოტლანდია, კვიპროსი.

საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი ქართველი გულშემატკივრისთვის იმედისმომცემი გამოდგა.

ძიუდო



2022 წელი ქართველი ძიუდოისტებისთვის ორივე დიდ ტურნირზე წარმატებული იყო. მაისში ქართველმა ფალავნებმა ჯერ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს, სადაც ოთხი მედლის მოპოვება შეძლეს. ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა, მამაკაცებს შორის კი მეორე ადგილი ერგო.

ევროპის ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ - გრიგალაშვილმა ფინალში მატეას კასე დაამარცხა და კარიერაში კონტინენტის ჩემპიონობა მეორედ იზეიმა. პირველი ევროპული გამარჯვება იყო ლუკა მაისურაძისთვის, რომელმაც ფინალში სერბი ძიუდოისტი ჯერ ვაზარით დააგდო, ხოლო შემდეგ შებოჭა და ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე გათამაშებაში საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა მოუტანეს.

ოქტომბერში, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკეტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზა, მათ შორის იყო ლაშა ბექაური, რომელიც ტატამზე ძალიან დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა. გუნდს ბრინჯაოს მედლები ლაშა ბექაურმა, ლუკა მაისურაძემ და გურამ თუშიშვილმა მოუტანეს. ერთადერთი სპორტსმენი საქართველოს რიგებიდან, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო ტატო გრიგალაშვილი იყო.


გრიგალაშვილს გამორჩეული წელი ჰქონდა


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. საუკეთესო ქალი სპორტსმენი კი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.