რატომ აღარ გამოდის საქართველოს სახელით ზურაბ დათუნაშვილი » სპორტის ხაზი

რატომ აღარ გამოდის საქართველოს სახელით ზურაბ დათუნაშვილი

რატომ აღარ გამოდის საქართველოს სახელით ზურაბ დათუნაშვილი
28-12-2022, 11:36
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ წარმოშობით ქართველი, სერბეთის სახელით მოასპარეზე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ეს ცხადია, დიდ წარმატებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ვინაიდან ამავე ქვეყნიდან ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ნოვაკ ჯოკოვიჩი ასპარეზობს. დათუნაშვილმა კი მის ფონზეც კი შეძლო ჯილდოს აღება.

საინტერესოა, რატომ აღარ ასპარეზობს ზურაბი თავისი მშობლიური ქვეყნის სახელით. როგორც თავად მოჭიდავე აცხადებს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მას ორჯერ რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა და თავი გაუტეხა.

დათუნაშვილმა ასევე ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციის სავარაუდო ფაქტებზეც ისაუბრა:

“ჭიდაობის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ ჩემსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის აზრთა შეუთანხმებლობა აქამდეც არსებობდა და გარკვეული ტიპის კონფლიქტს ადგილი ზაფხულშიც ჰქონდა. მომხდარის მიზეზი გახდა ის არასამართლიანი გადაწყვეტილებები, რასაც სამწვრთნელო შტაბი იღებდა და რაზეც მე ჩემს პოზიციას შეკრებებსა და შიდა განხილვებში ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი.

საქმე ეხება სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების მიერ პირადი მოწაფეების ყოლას. კერძოდ, სპორტსმენებს ხდიან იძულებულს შეიცვალონ პირადი მწვრთნელი, ან ჩაწერონ მეორე მწვრთნელად ფედერაციაში მომუშავე რომელიმე ტრენერი, რითიც შემდეგ პრემიალური თანხების წილში უჯდებიან მოჭიდავეების აღმზრდელ მწვრთნელებს.“

ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტრო სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი