'შაბათს საღამოს ჩემი საყვარელი მატჩი გაიმართება' - რაულ ალბიოლი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშზე » სპორტის ხაზი

'შაბათს საღამოს ჩემი საყვარელი მატჩი გაიმართება' - რაულ ალბიოლი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშზე

'შაბათს საღამოს ჩემი საყვარელი მატჩი გაიმართება' - რაულ ალბიოლი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშზე
14-12-2022, 16:33
Aa Aa
გაზიარება:

ორი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, 'ნაპოლი' სეზონის განახლებისთვის მზადებას განაგრძობს. ამჯერად, 17 დეკემბერს იტალიური კლუბი მორიგ ტესტ-მატჩს 'ვილიარეალის' წინააღმდეგ გამართავს.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე 'ყვითელი წყალქვეშა ნავის' კაპიტანი, რაულ ალბიოლი Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა, სადაც პარტენოპეი განსაკუთრებულად შეაქო და განაცხადა, რომ ნეაპოლში დაბრუნებით გახარებულია.

"შაბათს საღამოს ჩემი საყვარელი მატჩი გაიმართება. ნეაპოლში ოჯახთან ერთად ჩამოვალ. ეს ემოციური დღე იქნება ჩემთვის. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ამ ქალაქიდან გადავედით, ჩამოსვლა ვეღარ მოვახერხეთ და ის ჩვენს გულებში დარჩა, პირველ რიგში კი, ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც ნეაპოლი ყველაზე ლამაზი ქალაქი იყო და მათ აქედან წასვლა ძალიან გაუჭირდათ."

"ნაპოლის ბევრი მატჩი ვნახე. გუნდი ბრწყინვალე და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს და ძალიან ძნელია მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. უბრალოდ, უნდა ითქვას, რომ ისინი ევროპაში საუკეთესოები თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. მომწონს ნაპოლის თამაშის სტილი, კომბინაციები. გუნდს ჰყავს მოთამაშეები სათანადო უნარებით: ოსიმენი, ჟიელინსკი, კვარა. ეჭვგარეშეა, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში, სულ ცოტა, ნახევარფინალში გასვლა შეუძლია. თუმცა, მართალი გითხრათ, მათ ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად ვხედავ."

'შაბათს საღამოს ჩემი საყვარელი მატჩი გაიმართება' - რაულ ალბიოლი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშზე

ალბიოლს 'ნაპოლის' მაისურით 6 გოლი აქვს გატანილი

ხვიჩა კვარაცხელიაზე : "კვარაცხელია 2021 წლის მარტში, საქართველ-ესპანეთს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამართულ მატჩში ვნახე. მან გოლი გაგვიტანა და ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ დანი ოლმოს მიერ 91-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, ანგარიშით 2:1 მოვიგეთ, მაგრამ კვარაცხელიამ იმ თამაშში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფანტასტიკური მოთამაშეა."


ხვიჩა სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადება

შეგახსენებთ, რომ პარტენოპეი სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილოსან 'მილანთან' სხვაობა კი 8 ქულაა. ამასთან იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენია 9 გატანილი გოლით.

რაც შეეხება 'კვარას', 'ნაპოლის' მაისურით 21 წლის შემტევის ანგარიშზე ამ სეზონში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი