ინგლისი - საფრანგეთი | განეიტრალდება ჯოკერი სახელად მბაპე? » სპორტის ხაზი

ინგლისი - საფრანგეთი | განეიტრალდება ჯოკერი სახელად მბაპე?

ინგლისი - საფრანგეთი | განეიტრალდება ჯოკერი სახელად მბაპე?
10-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ნაკრებებში, როგორც ინგლისში, ისე საფრანგეთში ორივეგან ვხვდებით მფრინავ ახალგაზრდებს, რომლებსაც, ცხადია, ისეთი მნიშვნელოვანი და დაძაბული მატჩის ბედის განსაზღვრაც შეუძლიათ, როგორიც დღევანდელ 1/4 ფინალში გველის.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთიდან არ უნდა დავივიწყოთ ოლივიე ჟირუ, რომელმაც წინა შეხვედრაში თავისი ქვეყნის ყველა დროის ბომბარდირის სტატუსი მოიპოვა, რომლითაც მან ლეგენდარულ ტიერი ანრის გადაასწრო. ანალოგიურის შანსი აქვს ინგლისის ფორვარდს, ჰარი კეინსაც, რომელსაც უეინ რუნის პირველობის დამხობამდე სულ რაღაც ერთადერთი გოლი აკლია.

გარდა ამისა, დღევანდელი მატჩის განმავლობაში, გულშემატკივრები კიდევ ერთ საინტერესო დუელს დაუღალავ, დინამიკურ ჯუდ ბელინგემსა და დაცვითი დისციპლინით გამსჭვალულ აურელიენ ჩუამენის შორის მოედნის ცენტრში იხილავენ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს.

რასაკვირველია, მსგავსი ტიპის თამაშებში შეცდომის ფასი ძალიან დიდია, ამიტომ ხშირად გუნდები დიდად არც რისკავენ ხოლმე. ისინი, უბრალოდ მეტოქის შეცდომას ელიან, ან სულაც ინდივიდუალური გაბრწყინების იმედზე არიან, რისი გამკეთებელიც როგორც ინგლისში (რაშფორდი, საკა), ისე საფრანგეთშიცაა (მბაპე, დემბელე). რა თქმა უნდა, დეშამის გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა კილიან მბაპეა, რომელიც ტურნირის ბომბარდირობისკენ სრული სვლით მიიწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ჯორდან პიკფორდი დღევანდელ მატჩში კარის მშრალად შენახვას შეძლებს, ის იქნება მორიგი მეკარე, რომელიც ინგლისის კარს უგოლოდ ზედიზედ 4 თამაშში დაიცავს (ბენკსი და შილტონი).

გუნდების სიახლეები:

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ნაკრებში საგანგებო ზარის ხმა ისმოდა, რადგან კილიან მბაპემ გუნდთან ერთად ვარჯიში ტერფის ტკივილის გამო გამოტოვა. თუმცა, როგორც დაიწერა, ეს ყველაფერი მწვრთნელთან წინასწარ შეთანხმებული იყო და დეშამის გუნდში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.

რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, მას სამშობლოდან დაბრუნებული რაჰიმ სტერლინგი შეუერთდება - როგორც იცით, სენეგალთან 1/8 ფინალური მატჩის წინ, ჩელსის ფეხბურთელმა ნაკრები დატოვა და სამშობლოში ოჯახის წევრებთან მისი სახლის ძარცვის გამო დაბრუნდა. თუმცა, დაიწერა, რომ ყველაფერი რიგზეა და რაჰიმი ინგლისს ისევ შეუერთდება: "რაჰიმი ნაკრებს პარასკევს შემოუერთდა, მაგრამ რამდენად ითამაშებს ის საფრანგეთის ნაკრებთანა არ ვიცი, რადგან მისი ფიზიკური კონდიციები ბოლომდე შესწავლილი არაა" - თქვა გარეთ საუთგეიტმა.

გუნდების სავარაუდო XI-ები:

ინგლისი: პიკფორდი | შოუ, სტოუნსი, მაგუაიერი, უოკერი | რაისი, ჰენდერსონი, ბელინგემი | ფოდენი, კეინი, საკა.

საფრანგეთი: ლორისი | ტეო ერნანდესი, ვარანი, უპამეკანო, კუნდე | ჩუამენი, რაბიო, გრიზმანი | დემბელე, მბაპე, ჟირუ.

გუნდების ურთიერთშეხვედრები:

ინგლისი და საფრანგეთი ერთმანეთს ისტორიაში 31-ჯერ შეხვედრილან, თუმცა აქედან მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ 2-ჯერ. პირველი შემთხვევა 1966 წლით თარიღდება, სადაც ბრიტანელებმა ფრანგები 2-0 ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხეს - ორივე გოლი როჯერ ჰანტმა გაიტანა, საბოლოოდ კი, ინგლისმა ის მუნდიალი გამარჯვებით დაასრულა. მეორე შეხვედრას 1982 წლამდე მივყავართ, სადაც 3-1 კვლავ ინგლისის ნაკრებმა, კვლავ ჯგუფურ ეტაპზე მოიგო. მოკლედ, ინგლისს საფრანგეთთან 31 შეხვედრიდან 17 გამარჯვება აქვს მოპოვებული, 5 ფრე და 9 მარცხი. სამაგიეროდ, ბოლო წლებში ამავე წყვილში ფრანგები ლიდერობენ, რომლებმაც ბოლო 6 შეხვედრიდან ინგლისელებს 4-ჯერ მოუგეს.

საინტერესო ფაქტები:

კილიან მბაპემ საფრანგეთის მაისურით ბოლო 16 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

თუ საფრანგეთი მუნდიალს მოიგებს, ის გახდება პირველი ნაკრები 1962 წლის შემდეგ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაიცავს.

თუ საფრანგეთი მოიგებს, ისინი მუნდიალის 1/2 ფინალში მეშვიდედ გავლენ, ხოლო ინგლისელები მეოთხედ.

თუ ინგლისი 1/2 ფინალში ზედიზედ მეორეჯერ გავა, ეს მათ ისტორიაში პირველად მოხდება.

დღეს მოგებით გარეთ საუთგეიტი ალფ რემზის ინგლისის თავკაცის რანგში მუნდიალზე მოგებებით გადაასწრებს - ახლა ორივეს 7 აქვს.

ინგლისს გახსნითი თამაშის შემდეგ გოლი არ გაუშვია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი